logo_geo
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ანგარიში წარუდგინა
- +

24 მაისი. 2023. 20:03

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ბათუმში სამუშაო შეხვედრებს მართავს.
ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს მოუსმინეს.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ გახსნა, ღონისძიების მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აჭარაში ჯანმრთელობის და  სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამების მიმდინარეობისა და გამოწვევების შესახებ.
როგორც ნინო ნიჟარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აჭარაში სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა წლიდან წლამდე იზრდება და ბიუჯეტიც, შესაბამისად, საკმაოდ მზარდია. მისივე განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მინისტრის ინფორმაციით, 2022-2023 წლებში გაუმჯობესდა 75 ათასზე მეტი მოქალაქის ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობა; 2022 წლის 1 ნოემბრიდან აჭარაში სრულად ფინანსდება ონკოქირურგია და ხორციელდება მიზნობრივი პროგრამები საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკების მართვისთვის.

ზაზა ლომინაძემ ნინო ნიჟარაძეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძეს საქართველოს პარლამენტის და კომიტეტის სახელით მადლობის სიგელები გადასცა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აჭარა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროში ერთ-ერთი წამყვან რეგიონად დაასახელა. აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან რეგიონად მოიხსენია აჭარა ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ. მისივე თქმით, აჭარაში დაწყებულია არაერთი რეფორმა, რომელიც დღემდე წარმატებით ხორციელდება.

სამი დღის განმავლობაში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი არაერთ სამუშაო შეხვედრას გამართავს, კომიტეტის წევრებთან ერთად კი შეხვედრებში ჩართული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

 

 

big_banner
არქივი