საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ლუქსემბურგის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გამართა. ქართველი კანონმდებლები ლუქსემბურგის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს და ლუქსემბურგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.
საუბრის თემები იყო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგი.
განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და მიმდინარე რეფორმები. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.
„შეხვედრებისას, ჩვენ ხაზი გავუსვით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი დაწინაურების საჭიროებას, რაც განპირობებულია პირველ ყოვლისა იმით, რომ საქართველო არის ერთგული და განუხრელად იცავს იმ ღირებულებებს, რომელიც ჩვენ, ჩვენს ევროპელ და ნატოელ პარტნიორებს გვაერთიანებს. საქართველოს დაწინაურების საჭიროება ასევე, განპირობებულია იმ პროგრესით და წარმატებით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ამის საჭიროება ასევე, არსებობს უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით“, - განაცხადა ბერაიამ.
მისი თქმით, ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველოს ჰყავს მეგობრები და გულშემატკივრები, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და საქართველოს ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი მონაწილეობდნენ.