ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების II დანართის ცვლილების თაობაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის №2 2022 გადაწყვეტილება“ განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის, სამსონ ურიდიას განმარტებით, განახლებული რედაქცია მიზნად ისახავს ჩაანაცვლოს წარმოშობის წესების შესახებ ოქმები, რომლებიც ამჟამად ძალაშია წევრ სახელმწიფოებს შორის.
„ცვლილება ითვალისწინებს ეკონომიკური ოპერატორებისთვის პროდუქტის საქართველოში წარმოშობილის სტატუსის გამარტივებულად მიღებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო გადასახადების გამარტივებას.
ცვლილებები ასევე ეხება წარმოშობის მქონე პროდუქციის მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ არსებულ შეზღუდვების შემსუბუქებას და ელექტრონული/ციფრული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმალური საფუძვლების გაწერას.
ცვლილებები საშუალებას იძლევა გაიზარდოს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნების ბაზარზე ქართული პროდუქციის წვდომა, რაც დადებითად აისახება საქართველოს ექსპორტის უნარიანობაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.