logo_geo
მამუკა მდინარაძე: არსებობენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კონკრეტული ძალები, რომლებსაც ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილური განვითარება არ აწყობთ
- +

7 ივნისი. 2023. 23:59

 

 

 

ჩვენ რომ ყველა ის პუნქტი კი არა მეათედი მაინც რომ შეგვესრულებინა, რასაც მოგვიწოდებდნენ, სად იყო გარანტია იმისა, რომ ეს ქვეყანა ომში არ ჩაერთვებოდა?!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებსაც საქართველოში მშვიდობა და სტაბილური განვითარება არ აწყობთ.

 

„გლობალური მასშტაბის უსერიოზულესი გამოწვევებია. ზოგი ბირთვულ საფრთხეზე საუბრობს. ფაქტია, რომ მშვიდობისკენ ამ საოკუპაციო ომს პირი ჯერ არ უჩანს. არის ურთულესი მდგომარეობა და რაც უფრო რთულია, მით მეტად არის გასათვალისწინებელი კონტექსტი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ახლა რომ ცდილობენ გააქილიკონ, მეორეხარისხოვან ამბად, ტერმინად აქციონ მშვიდობა, ასე არ არის - პირიქით. ეს არის მშვიდობა, რომელიც ხანდახან უფრო რთულად გადასატანია, ვიდრე ომი, რადგან ამას თავისი სირთულეები ახლავს. თქვენ ხედავთ შემოტევებს, რომელიც არ არის ქვეყნის შიგნიდან. მათ ხან გლობალური ომის პარტიად მოვიხსენიებთ, ხან გარე ძალებად, ხან მათ პატრონებად და ა.შ., მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რეალურად არსებობენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კონკრეტული ძალები, რომლებსაც არ აწყობთ ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილური განვითარება. უკრაინა თუ იბრძვის იარაღით, ადამიანური მსხვერპლით, ჩვენ ვიბრძვით, მათ შორის პიარული ხერხებით, კონკრეტული პრინციპული გადაწყვეტილებებით და ამას უპირისპირებენ ათას ბინძურ ნარატივს.

 

რუსეთი საოკუპაციო ომს აწარმოებს უკრაინაში, შენ დედაქალაქიდან 30 კილომეტრში ოკუპანტის ტანკები, ჯარისკაცები გიდგანან და სხვა რომ არაფერი იყოს, პირდაპირი მოწოდებები რომ არ ყოფილიყო მათ შორის ომის, მაშინაც კი ზედმეტი იყო საუბარი იმაზე, რომ რისკები არ არსებობს. ჩვენ რომ ყველა ის პუნქტი კი არა მაგის მეათედი მაინც შეგვესრულებინა, რასაც მოგვიწოდებდნენ, სად იყო გარანტია იმისა, რომ ეს ქვეყანა ომში არ ჩაერთვებოდა და არ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი?!“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი