logo_geo
ბექა ოდიშარია: საქართველო ისტორიულად არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და ყოველთვის ისწრაფოდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ
- +

9 ივნისი. 2023. 14:52

 

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი  ბექა ოდიშარია,  და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ნოდარ ტურძელაძე,  გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დიდზის შმიდტს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს. ამ კუთხით ლატვიის მთავრობის წევრმა,  დიდზის შმიდტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და  სრული მზაობა გამოთქვა აქტიური მონაწილეობა მიიღოს კონსულტაციებში.

 

ლატვია - საქართველოს მეგობრობას დიდი ტრადიციები აქვს. ჩვენ მუდმივად თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ვისწრაფვით. თქვენ მიაღწიეთ საწადელს - ხართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ კი ამ ნანატრ დროს ჯერ კიდევ ველით. ამ კუთხით გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. საქართველო ისტორიულად არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და ყოველთვის ისწრაფოდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. ამასთან სიამაყით აღვნიშნავ, რომ უკვე 9 წელია ვარ ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში.  ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო საუკეთესო ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კიდევ უფრო დაახლოებაში“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მთავრობამ დღემდე უკვე მიაღწია დიდ წარმატებებს. ამასთან, გასული წლების მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, საქართველოს აქვს ორნიშნა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. აღინიშნა, რომ  IMF-ისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზების თანახმად,  საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და ევროპის მასშტაბით.

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლატვიას შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობაზე.  აღინიშნა, რომ 2016 წლიდან, საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე “Riga Food“.  2022 წელს  გამოფენაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი 20-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.

 

ამ პლატფორმის  ფარგლებში, ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ძირითად მიზნებს წარმოადგენს: საქართველოსა და ლატვიას შორის სოფლის მეურნეობის  კუთხით ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება.

 

შეხვედრის დასასრულს,  ბექა ოდიშარიამ მონაწილეებს  ლატვიასა და საქართველოს შორის    დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე მიულოცა.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, მიხეილ სულაბერიძე.

 

მეგობრობის ჯგუფი განაგრძობს  დღის წესრიგის მიხედვით მუშაობას. დაგეგმილია ლატვიის სეიმში მეგობრობის ჯგუფთან, დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეებთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან შეხვედრები.

 

 

big_banner
არქივი