logo_geo
ლატვიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ლატვიის სეიმის პარლამენტში შეხვედრებს მართავენ
- +

10 ივნისი. 2023. 15:07

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია ლატვიის რესპუბლიკის სეიმის მოქალაქეობის, მიგრაციის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ინგმარ ლიდაკასა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრას მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი დაესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი გლობალური მიგრაციის საკითხს და დიასპორასთან ურთიერთობის ფორმებს შეეხო. აღინიშნა, რომ ამ კუთხით, ორივე ქვეყნის კანონმდებლობა თითქმის მსგავსია და დამატებით, საქართველოს საკონსტიტუციო ჩანაწერიც აქვს გაკეთებული, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, კონსტიტუციის იმ ჩანაწერის გაუქმება მოხდა, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას ზღუდავდა. აღნიშნულ თემებზე საუბრისას, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით დიასპორელებს მოქალაქეობის მიღება კიდევ უფრო გაუმარტივდებათ.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე ინგმარ ლიდაკა დიასპორასთან ურთიერთობის ქართული გამოცდილებით დაინტერესდა. როგორც გაირკვა, დიასპორისათვის განკუთვნილი საგრანტო პროგრამები და მშობლიური ენის მხარდაჭერის პროექტები ორივე ქვეყანაში თითქმის იდენტურია. ლატვიელმა კოლეგამ სტუმრებს 3x3 ბანაკის პროექტი გააცნო, რაც ყოველ ზაფხულს სამი თაობის წარმომადგენლების შეკრებას გულისხმობს და სადაც ლატვიური ენისა და კულტურის, მათი იდენტობის გაძლიერების საკითხებზე საუბრობენ.

შეხვედრის დასასრულს, ბექა ოდიშარიამ კოლეგებს საინტერესო შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადა და კომიტეტებს შორის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების კარგი პრაქტიკის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

big_banner
არქივი