logo_geo
ბექა ოდიშარია: საქართველო მტკიცედ გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ევროპული ტრადიციების ფუნდამენტური ნაწილია
- +

10 ივნისი. 2023. 17:02

 


ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი ლატვიის სეიმის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ინგრიდა ცირცენს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. ბექა ოდიშარიამ და დელეგაციის წევრებმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა სასჯელაღსრულების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით ლატვია სამაგალითო ქვეყანაა და ამ მიმართულებით ლატვიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
საქართველო მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ევროპული ტრადიციების ფუნდამენტური ნაწილია“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ სტატისტიკაშია აღნიშნული.

დელეგაციის წევრებმა, ლატვიელ კანონმდებლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბოლო 10 წლის განმავლობაში მკვეთრად არის შემცირებული საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საჩივრებისა და საქმეების რაოდენობა.

ლატვიის მხარემ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა და მეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

საპარლამენტო დელეგაციის წევრების განმარტებით, ლატვიის რესპუბლიკის ხელისუფლება ობიექტურად აფასებს საქართველოში არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, მიხეილ სულაბერიძე.

big_banner
არქივი