logo_geo
ირაკლი გოგავა: 100 %-ით მაჟორიტარული არჩევნები უმჯობესი უნდა იყოს ქართული რეალობისთვის
- +

2 დეკემბერი. 2016. 11:01


 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა კონსტიტუციაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, ნაციონალების მმართველობის დროს იქნა მიღებული მრავალი ცვლილება, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. ამის შესახებ ირაკლი გოგავა „ქართულ აზრს" ესაუბრა.

 

„პირველ რიგში, მართვის სისტემა არის გასასწორებელი, დასალაგებელია დეპუტატების არჩევის წესი. პირადად მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია, ვცადოთ სრულიად მაჟორიტარული სისტემა, ანუ პარლამენტი დაკომპლექტდეს მხოლოდ მაჟორიტარებით. ეს გახლავთ ამერიკული მოდელი. რეალობას რომ შევხედოთ, ბოლო 25 წლის განმავლობაში პარტიები ერთი იდეოლოგიის გარშემო ვერ გაერთიანდნენ და პოლიტიკური პროცესი ერთ ინდივიდზეა მორგებული.  ვინაიდან ქართველებში ეს ინდივიდუალიზმი მკაფიოდ გამოკვეთილია, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ 100 %-ით მაჟორიტარული არჩევნები უმჯობესი უნდა იყოს ქართული რეალობისთვის.

 

რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი წავა მათი უმრავლესობა, განსაკუთრებით მოწინავე პარტიები, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს მოდელი მიგვაჩნია მისაღებად, ვიდრე 100 %-იანი პროპორციული მოდელი.

 

რეფორმები კონსტიტუციაში საჭიროა, მაგრამ ეს უნდა გახდეს საზოგადოების მსჯელობის საგანი. ეს არ უნდა მოხდეს დახურულ კარს მიღმა. პრინციპში, ამის მზაობა არსებობს „ქართული ოცნების" მხრიდან, რომ საჭიროა საჯარო განხილვები და ისეთი მოდელის მიგნება, რომელიც ყველაზე ეფექტური, სასარგებლო იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. ამასთან, ვფიქრობ, პრეზიდენტის ფუნქციები გასაზრდელია. ან თუ საერთოდ ვამბობთ პრეზიდენტის ინსტიტუტზე უარს, ესეც უნდა განვიხილოთ, წარმოვადგინოთ არგუმენტები. ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე", - განაცხადა გოგავამ.



 

big_banner
არქივი