logo_geo
კახა კალაძე: გლდანის ინციდენტთან არც კოტე ზარნაძეს და არც მე არანაირი კავშირი არ გვაქვს, ეს არის მორიგი სიბინძურე ნიკა მელიას მხრიდან
- +

24 სექტემბერი. 2023. 14:12

 

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან არც მას და არც რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს არავითარი კავშირი არ აქვთ.

 

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს აღნიშნული ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა, ეს იყო მორიგი სიბინძურე ოპოზიციონერ ნიკა მელიას მხრიდან.

 

„ეს არის ჩვეულებრივი, მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ ე.წ. „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ ამ ყველაფერს კოტე ზარნაძეს უკავშირებდნენ. ერთი რამ მინდა ვთქვა: ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა და  გვახსოვს, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებში. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ შემდეგ ვინმე ვინმეს დაპირისპირებოდა, ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. შესაბამისად, ის რაც მოხდა, უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს.  რაც შეეხება მის წარსულს, არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ვინ  არის ირაკლი ეძგვერაძე, რას წარმოადგენს, როგორ ცხოვრობდა. ის იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, ეს არ გამოუვიდა. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. შემდეგ „ქუჩის ბიჭობდა“ და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში. ახალგაზრდებს სცემდა აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია.

 

ნიკა მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ადამიანებად. ის ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს გააკეთებს. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც ზღვარს არ გადადიან, მაგრამ მელია არის იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, არც კოტე ზარნაძეა რაიმე კავშირში აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და არც მე. ეს არის სიმართლე და რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი