რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „პირველის" პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ხაინდრავამ განაცხადა, მუხთარლის საქმეზე აჟიოტაჟი სპეციალურადაა შექმნილი, რომლის მიზანიც საქართველოს საერთაშორის ასპარესზე დასუსტებაა.
„მუხთარლი არავის აინტერესებს, აქ არის გააქტიურებელი ფიგურა ქალბატონი ლეილა, რომელიც უხეშად ერევა ქართულ პოლიტიკაში. მთელი პრესა და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აყოლილები არიან მას და დიდი ქორო დაუყენეს უკან. მუსტაფაევას აძლევენ შესაძლებლობას შეურაცხყოფა მიაყენოს საქართველოს, რაც მისაღებია ტუღუშისთვის, ნაცვლიშვილისთვის, გიგაურისთვის და ა.შ.
ღრმად უნდა ჩავხედოთ, თუ რატომ არის მუხთარლის საქმე ასეთი აქტუალური. პირველივე დღეს ყველამ იცოდა, რომ მოიტაცეს, როგორ მოიტაცეს და პირველივე დღიდან ამ არასამთავრობო ორკესტრმა და ე.წ პოლიტელიტამ ატეხეს განგაში, რომ მოიტაცეს, აწამეს და ა.შ ვინც დაგეგმა ეს ყველაფერი იმათგან იცოდნენ დეტალები და უბრალოდ ავრცელებდნენ იმ ინფორმაციას, რომელიც იყო საჭირო. საქართველოში, რომ ანტიალიევის ცენტრია შექმნილი, ეს ხომ ყველამ იცის, მაგრამ არავინ ლაპარაკობს. სწორედ ამ ცენტრს წარმოადგენს ქალბატონი ლეილა და აქედან ცდილობენ ალიევთან ბრძოლას.
ეს ყველაფერი მოთელვას ჰგავს. რატომ არ ჩადის ქალბატონი ლეილა ხანუმი ბაქოში, მაგას ხელს ვინ მოკიდებს, ერთი ანჟელა დევისი მახსოვს და მეორე ლეილა, რომელსაც ხელს არ მოკიდებენ. თავდებში დაუდგება აშშ-ის საელჩო, იტალიის, ჩინეთის, სინგაპურის ... ჩავიდეს და დაელაპარაკოს მის ქმარს, ის ხომ იქ ზის და არა საქართველოში, რატომ არის ამხელა შეტევა საქართველოზე და არა აზერბაიჯანზე?", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.