logo_geo
ბახმარო და გომისმთა – ღრუბლებზე მაღლა
- +

30 ივლისი. 2017. 21:34



სუფთა ჰაერი, ნაძვისა და სოჭის ტყეები, მთები ალპური მინდვრებით, უეცრად ჩამოწოლილი ნისლი, სისხამ დილას დოსტების მიერ ჩამოტარებული რძე, მაწონი, კაიმაღი და საღამოობით პატარ-პატარა მოედნებზე აგიზგიზებული კოცონები - თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ბახმაროში, გურიის მთებში, ამას ვერასოდეს დაივიწყებთ.


ამბობენ, რომ ბახმაროს სამკურნალო თვისებები პირველად ზაფხულის საძოვრებზე ასულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მწყემსი ბახმაროს ჰაერმა განკურნა. მწყემსებმა ამის შესახებ სხვებსაც უამბეს და 1893 წელს ოზურგეთის მაზრის ექიმმა დავითიანცმა ციებითა და ტუბერკულოზით დაავადებული რამდენიმე ავადმყოფი ბახმაროზე გაგზავნა სამკურნალოდ, საიდანაც უმეტესობა გაუმჯობესებული ჯანმრთელობით დაბრუნდა. 1894 წელს თავად დავითიანცი, რომელიც ასევე ტუბერკულოზით იყო დაავადებული, გაემართა ბახმაროზე სამკურნალოდ. მან პატარა სახლი ააშენა იქ და შემდეგ წლებში აკვირდებოდა სხვადასხვა სენით შეპყრობილ მოაგარაკეთა მდგომარეობას ბახმაროში. იმ დროიდან მოყოლებული ტუბერკულოზით, სხვადასხვა დაავადებით ან უბრალოდ ჯანმრთელობის გაუმჯობესების იმედით, ზაფხულობით მოაგარეკეები ბახმაროში მოდიოდნენ ურმებითა და ცხენებით, აგებდნენ პატარა სახლებს და შემოდგომამდე აქ რჩებოდნენ.


მოედანს, სადაც ექიმმა ბახმაროში პირველი სახლი ააშენა, დღეს დავითიანცის მოედანი ჰქვია და პატარა, ხის სახლებითაა გაშენებული. სახლები და მოედნები ბახმაროში მხოლოდ ზაფხულობით ცოცხლდება, როცა მოაგარაკეები ჩამოდიან, ზამთარში კი ბახმაროს პატარა სახლებს 4-5 მეტრის სიმაღლის თოვლი ფარავს.


ბახმაროში სეზონი უკვე გახსნილია. კურორტის დირექტორი დავით საჯაია ამბობს, რომ ბახმაროში უკვე არის წყალი, შუქი და კურორტზე პირველი მოაგარაკეებიც გამოჩნდნენ:

 

„ივლისის 15-ის შემდეგ ბახმარო უკვე ხალხით აივსება. მართალია, წელს ბარში ცივა, მაგრამ ბახმაროში მზეა, საშუალოდ 24-25 გრადუსია ტემპერატურა."


ბახმაროს ნაწილი ძველი ხის ქოხებითაა გაშენებული, ნაწილი კი - ახალი, კეთილმოწყობილი კოტეჯებით. მოაგარაკეები აქ ოთახებს 20-30 დღით ქირაობენ. კურორტის დირექტორი ამბობს, რომ ფასები 150 ლარიდან [20-30 დღე] იწყება და 5 000 ლარამდეც კი აღწევს. ფასი პირობებზეა დამოკიდებული.


ძველ სახლებში ბინის დაქირავების მსურველებს ბახმაროში თან მიაქვთ ჭურჭელი, ლეიბი-საბანი და ყველა აუცილებელი ნივთი. საპირფარეშო კუსტარულია, საერთო და მისით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს, წყალი კი სახლებში არ არის შეყვანილი და მოაგარაკეებს მისი ხელით მიტანა უწევთ სახლამდე. რაც შეეხება კეთილმოწყობილ კოტეჯებს, აქ მოაგარაკეებს ყველაფერი სახლში ხვდებათ, სარეცხი მანქანისა და მაცივრის ჩათვლით. საპირფარეშო და აბაზანაც იზოლირებულია, კოტეჯებში არის ცივი და ცხელი წყალი.


მათ, ვინც ბახმაროში რამდენიმე დღით ჩადის, საოჯახო სასტუმროებშიც შეუძლიათ დაისვენონ. ასეთი სასტუმრო ბახმაროში რამდენიმეა.


ლიანა სიხარულიძე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელია ბახმაროში. იგი ამბობს, რომ მასთან ერთი დღე-ღამის მანძილზე საწოლის ფასი 20 ლარია, კვების გარეშე. ლიანა ამბობს, რომ მასთან მისულ ტურისტს მხოლოდ ტანსაცმლის ჩატანა სჭირდება. მას ორი კოტეჯი აქვს ბახმაროში.


„მაქვს წყალი, კერძო, ჩემი მოყვანილი და მთავრობის წყალი, ეზოც კეთილმოწყობილია. ჩამოდიან ქართველებიც და უცხოელებიც, უკრაინელები, ამერიკელები... მაცივარი, სარეცხი მანქანა, სარეცხის საშრობიც კი მაქვს, ცხელი წყალი - თავისთავად. ასევე ჭურჭელი, ბუხარი, შეშით...

 

ჩემთან სეზონი 25 სექტემბრამდე გრძელდება. საერთოდ ბახმაროში ფილტვების სისუსტით ამ პერიოდში [სექტემბერში] მოდიან. ორი კოტეჯი მაქვს. ერთ-ერთს მომღერალი ნინო ქათამაძე იღებს აგვისტოში. ექვსი წელია ნინო ყოველ წელს ჩამოდის ბახმაროში და 19-20 აგვისტომდე რჩება", -ამბობს ლიანა.

 

ბახმარო


ბახმაროში შარშან სასტუმრო „ბახმაროც" გაიხსნა. წელს სასტუმრო 10 ივლისს გაიხსნა და სეზონის ბოლომდე იმუშავებს. ფასები აქ 50 დოლარიდან იწყება ერთ ადამიანზე. ბავშვებისთვის არის ფასდაკლებაც.


„აქ ძირითადად ის კატეგორია მოდის, ვინც იცნობს ბახმაროს. სასურველია მოაგარაკე წინასწარ თუ გაარკვევს ბინის საკითხს, მაგრამ ბახმაროში ამოსულს ადგილზე შეუძლია ბინის დაქირავება. არის რამდენიმე კერძო საოჯახო სასტუმრო და არის დიდი, ახალი სასტუმროც. უცხოელებიც ჩამოდიან: უკრაინიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან... არიან ისეთებიც, რომლებმაც კოტეჯებიც კი შეიძინეს აქ", - ამბობს დავით საჯაია.


მისი თქმით, ბახმაროში არის კაფე-ბარები, რესტორნები, პოლიკლინიკა, სადაც ქირურგიცაა და სტომატოლოგიც. წელს სიახლე კი ის არის, რომ ბახმაროში მდებარე ორ პარკში უფასო უკაბელო ინტერნეტი იქნება.


რას ნახავთ ბახმაროში - კარგ ამინდში, შუაღამისას, ბახმაროს პატარა მოედნებზე ჯგუფები იკრიბებიან და გრძელ გზას ადგებიან, რომელიც მთის კალთებზე გადის, მთაზე ასულები კი მზის ამოსვლას ელოდებიან. წყვდიადში ჩანს შორეული ქალაქების განათებები, შემდეგ ღამე ტყდება, მზე ამოდის და კოლხეთის დაბლობს ხედავთ. ამბობენ, რომ ეს ულამაზესი სანახაობაა. ზღვის დონიდან 2205 მეტრზე მდებარე მთასაც ასე უწოდებენ - მზის ამოსავალი გორა.


ბახმაროში უნდა ნახოთ მზის ჩასასვლელი გორაც, სადაც ასული ღრუბლებზე მაღლა აღმოჩნდებით.



გომისმთა


ბახმაროდან 25-28 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს გომისმთა, საზაფხულო აგარაკი და საძოვრები, რომელსაც გურული და აჭარელი მწყემსები იყენებენ. ეს ადგილი ბახმაროზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს მოაგარაკეებს შორის. გომისმთა გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყითა და წყაროებით, აქვე ახლოს, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე, მდებარეობს ჭინჭაოს ტბაც.


კურორტ ბახმაროს დირექტორი დავით საჯაია ამბობს, რომ წელს კურორტის ადმინისტრაცია აპირებს ერთ და ორდღიანი ტურების ორგანიზებას: „აქედან ჯგუფი წავა ცხენებით გამოცდილ გამყოლთან ერთად და გადავლენ სოფელ ზოტში, აჭარულ დასახლებაში, რომელიც 20 კილომეტრის დაშორებითაა. ეს ძალიან საინტერესო სოფელია, თავისი ეთნოგრაფია აქვს, სამზარეულო... იქ იცხოვრებენ კარვებში და მეორე დღეს ჩამოვლენ ბახმაროში. შეთანხმებული ვართ სოფელთან".


ბახმაროს ერთ-ერთ „ღირსშესანიშნაობად" ითვლება კოცონიც. საღამოობით ბახმაროს ყველა მოედანზე მოაგარაკეები ფიჩხსა და შეშას აგროვებენ და როგორც კი დაღამდება, მოედანზე კოცონს ანთებენ, რომლის ირგვლივ შემომსხდარი მოაგარაკეები სხვადასხვა ისტორიას ყვებიან, თამაშობენ, მღერიან და ცეკვავენ. ბახმაროსა და გომისმთაზე ეს ტრადიცია კურორტების დაარსებისთანავე გაჩნდა და დღესაც ცოცხლობს.


ლეგენდა ბახმაროზე - ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი თავადის ულამაზეს ქალს, მაროს უკავშირდება. მარო ოსმალებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო" - ნახეთ თქვენი მარო.


კურორტის დირექტორს უფრო სარწმუნოდ კურორტის სახელწოდების მეორე ვერსია მიაჩნია: „აკადემიკოსი იური სიხარულიძე წერდა, რომ სიტყვა ბახმარო სვანური წარმოშობისაა და გადასასვლელს ნიშნავს. აქ მართლაც გადასასვლელია, შეიძლება გადახვიდე მაღალმთიან აჭარაში, თურქეთშიც. ვფიქრობ, ეს ვერსია უფრო სარწმუნოა".


ტრანსპორტი - ბათუმიდან ბახმაროში სამარშრუტო ტაქსი ყოველ დღე მოძრაობს, ისევე როგორც ქუთაისიდან. ივლისის ბოლოს კი, კურორტის დირექტორის თქმით, სამარშრუტო ტაქსები თბილისიდანაც იმოძრავებენ. გზა ბათუმიდან ბახმარომდე გამართულია, მგზავრობის ფასი 15 ლარია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი