logo_geo
გადაურჩნენ თუ არა ბორჯომის ხეობის სტიქიას იქ მობინადრე ცხოველები
- +

23 აგვისტო. 2017. 20:28


გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის განმარტებით, ბორჯომის ხეობაში სტიქიის შედეგად დამწვარი და გამხმარი ხეების ტერიტორიიდან მყისიერად გატანა და მოჭრა რეკომენდებული არ არის, რადგან მათი ფესვთა სისტემა თავის ფუნქციას კვლავ ასრულებს და ამ ქმედებამ შეიძლება ეროზია გამოიწვიოს. ამირგულაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სტიქიის ზონაში ხანძრის ლიკვიდირება მოხდება, სახელმწიფოს ზარალის შესწავლა და პროექტის მომზადება მოუწევს იმის თაობაზე, სად შეიძლება იყოს ბუნებრივი განახლების პოტენციალი. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი სტიქიის შედეგად დაღუპული ცხოველების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ვარაუდობს, რომ ხანძრის გაჩენისთანავე, მსხვილი ძუძუმწოვრები ტერიტორიას გაეცლებოდნენ.


„ზოგიერთ ადგილზე შეიძლება ბალახოვანი საფარი დაიწვა და ჰომოსისტემა დამწვარი არ იყოს. ასეთ შემთხვევაში, ნიადაგის შესწავლა მოხდება, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. სამწუხაროა, რომ ხანძარი უკვე გაშენებულ ტერიტორიასაც შეეხო. ნიადაგის შეფასება უნდა მოხდეს, რის საფუძველზეც პროექტის გაკეთება გადაწყდება. იმ ტერიტორიის ნაწილი, რაც დაიწვა, უკვე საპროექტო ტერიტორია იყო. გაწერილი გვქონდა, რა და როგორ უნდა დაგვერგო, ნერგებიც მოძიებული იყო. რაც შეეხება განახლებას, რეკომენდებული არ არის, რომ ხეები, რომლებიც გამხმარია, ტერიტორიიდან მყისიერად იქნეს გამოტანილი და მოჭრილი, რადგან მათი ფესვთა სისტემა თავის ფუნქციას კვლავ ასრულებს და შეიძლება მათმა გამოტანამ და მოჭრამ ეროზია გამოიწვიოს. შეიძლება ხეები დაიწვას, მაგრამ მათი ფესვთა სისტემა თავის ფუნქციას ასრულებს და მიწას ინარჩუნებს. ამიტომ, ძველი ხეების მოჭრა და გამოტანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბიომრავალფეროვნებით ძალიან გამორჩეულია. მოსაზღვრე ფართობებზე, სადაც ხანძარი იყო, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს. ამ ტერიტორიებზე 60-მდე მნიშვნელოვანი ძუძუმწოვარია აღწერილი, რომელთაგან საქართველოში წითელ ნუსხაში რვა სახეობაა შეტანილი. ამ ტერიტორიებზე ასევე გვხვდება დაახლოებით 200 საახეობის ფრინველი, მათ შორის გადამფრენებიც არიან. სხვათაშორის, 13 ისეთი სახეობაცაა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ამას გარდა, ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა ამფიბია და ღამურის 20-მდე სახეობაც გვხვდება. შეგვიძლია ის ვერსიაც განვიხილოთ, რომ ეს სახეობები დაცულ ტერიტორიებზე იყვნენ, რადგან იქ ადამიანების მიერ შეწუხება ნაკლებია და თავს იქ აფარებენ, მაგრამ შეიძლება, მათ გარე ტერიტორიაზეც შევხვდეთ", - აცხადებს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


ამირგულაშვილი განმარტავს, რომ ბორჯომის ხეობაში გავრცელებულია წითელ ნუსხაში შეტანილი მსხვილი ძუძუმწოვრები, მათ შორის - მურა დათვი, არჩვი, ფოცხვერი, შველი, გარეული ღორი, ტყის კატა, მგელი, ტურა, კავკასიული როჭო, თეთრკუდა არწივი, ასევე კეთილშობილი ირემი.


„კეთილშობილი ირემი მკაცრად დაცული სახეობაა და ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა, მაგრამ შეიძლება გარეთაც შეგვხვდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტერიტორიაზე ყოფილიყო, თუმცა დასაბუთებული ინფორმაცია არ მაქვს. ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, რომ მკვდარი ცხოველი იყოს ნაპოვნი. კერები ჩამქრალი ბოლომდე არ არის, გარვეული სიმხურვალეა და ნიადაგი საკმაოდ გავარვარებულია. შესაბამისად, ჩემი ვარაუდია, რომ ხანძრის დაწყებისთანავე, მსხვილი ძუძუმწოვრები ტერიტორიას გაეცლებოდნენ, მაგალითად, მურა დათვი. ისეთი ცხოველები როგორიც არიან - შველი, დათვი, მგელი, ტურა, ტყის კატა, ასეთ მდგომარეობას აუცილებლად გაურბიან და იქ არ დარჩებოდნენ. ცხოველებს ადამიანებზე უკეთ განვითარებული ყნოსვა აქვთ, საფრთხის მოახლოებას უკეთ გრძნობენ", - განაცხადა ამირგულაშვილი.


რაც შეეხება ფრინველებს, ამირგულაშვილი ამბობს, მათი დაღუპვის ალბათობა ნაკლებია, მაგრამ პრობლემა ადგილზე მათი დაბრუნებაა, რადგან შეიძლება, ისინი ტერიტორიაზე აღარ დაბრუნდნენ, ან წლების შემდეგ.


„კავკასიური როჭოსთვის ადგილის შეცვლის თემა ძალიან სერიოზული პრობლემაა. კავკასიური როჭო კვერცხებზეც რომ იჯდეს, თავის ბუდეს მიატოვებს. სადაც ხანძარი იყო, იქ დიდი ალბათობით ბუდეები და ბუნაგები განადგურდებოდა", - დასძინა ამირგულაშვილმა.

 

ბორჯომის ხეობაში მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის კერებს აქრობენ როგორც მაშველები, მეხანძრეები და ჯარისკაცები, ასევე ექვსი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი.


 

big_banner
არქივი