logo_geo
სკოლა ხულოში - ძველი, ხის საცხოვრებელი სახლი და გაკვეთილები ეზოში
- +

2 სექტემბერი. 2017. 00:12



ხულოში, სოფელ ტუნაძეებში ბავშვები საგანმანათლებლო პროცესს სექტემბრიდან კვლავ საცხოვრებელი სახლის შენობაში გააგრძელებენ. როგორც ადგილობრივები „აიპრესთან" ყვებიან, ორსართულიანი ხის შენობა-ნაგებობა რომლის პირველი სართულიც თავის დროზე ბოსლად გამოიყენებოდა, წლებია 100-მდე მოსწავლისთვის საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცა.


მოსახლეობის თქმით დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის აჭარის განათლების სამინისტრო დამატებით რამდენიმე ოთახს სხვა შენობაში ქირაობს.


„ეს სახლი ერთი საუკუნისაა, მისი პირველი სართული თავის დროზე ბოსელად გამოიყენებოდა, მეორე სართულზე კი 6 პატარა ოთახია. ორივე სართულზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ეს საკითხი მხოლოდ მე კი არა, მთელ სოფელს აწუხებს. მესამე წელია ამ შენობაში სწავლობენ ბავშვები, ძველი ხის ავარიული შენობაა ხშირად კარგ ამინდში გაკვეთილები შენობის ეზოში ტარდება, თუმცა ჩვენთან ექვსი თვე ზამთარია, ამიტომ გაკვეთილები უმეტესად მაინც ამ შენობაში ტარდება. დაწყებითი კლასის ბავშვებისთივს კიდე ცალკე შენობაში ქირაობენ ოთახებს" , - განაცხადა სოფელ ტუნაძეების მკვიდრმა ჯემალ ჭელიძემ.


ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში „აიპრესს" განუმარტეს, რომ ახალი სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი ჯერკიდევ გასულ წელს გამოცხადდა, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა პირობები, რის გამოც განათლების სამინისტრომ კონტრაქტი შეუწყვიტა. ტენდერი მეორედაც გამოცხადდა ამ ეტაპზე სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა რესურსცეტრის უფროსის, ედუარდ მიქელაძის ინფორმაციით, მშენობლობა ექსპლუატაციაში მომავალი წლიდან შევა. ედუარდ მიქელაძე შენობაში თავის დროზე ბოსელის არსებობას კატეგორიულად უარყოფს.


„ტუნაძეების საჯარო სკოლაში გასულ წელს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ ტენერი იყო გამოცხადებული, რომელიც ითვალისწინებდა ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას. სამწუხაროდ, კომპანიამ რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში, ვერ მოახერხა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი პირობების შესრულება. აქედან გამომდინარე, სამინისტრომ შეუწყვიტა ხელშეკრულება, ამიტომ ვერ მოხერდხა გასულ წელს სკოლის მშენებლობა.

 

მოგეხსენებათ, სოფელში არ არის ბევრი ალტერნატიული ფართი და აქედან გამომდინარე, მოგვიხდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე სასწავლო პროცესის გაგრძელება. წელსაც გამოცხადდა ტენდერი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი სკოლის მშენებლობა, თუმცა შენობა ექსპლუატაციაში მომავალი სასწავლო წლიდან შევა. წელს, ამ ზამთარსაც, ბავშვებს სხვადასხვა ალტერნატიულ ფართში მოუწევთ სწავლის გაგრძელება.

 

მე შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ის ძველი სკოლის შენობაც არაფრით განსხვავდებოდა ამ შენობისაგან. იქაც იყო ჩაბნელებული ოთახები, დერეფანში ვერ გაივლიდი, რადგან გადაგვერდებული იყო და არც ის შენობა იყო სკოლისთვის განკუთვნილი. ვაღიარებ იმასაც, რომ როდესაც საცხოვრებელ სახლში არის სასწავლო პროცესი არაა სასურველი, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ სწავლობენ სკოლაში.

 

რაც შეეხება ბოსელს ეს შენობა არასდროს გამოიყენებოდა ბოსელისთვის" , - განაცხადა ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი