logo_geo
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას ვერტმფრენით იწყებენ
- +

12 სექტემბერი. 2017. 20:45


აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


ავიაციით შეწამვლა 13 სექტემბერს,  დილის 11 საათიდან, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელის ტერიტორიაზე დაიწყება.


სააგენტოს ცნობით, ავიაციის მეშვეობით სამეგრელოს და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო- სამეურნეო მასივების დამუშავება იგეგმება.


„ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით წინასწარ მოხდება მოსახლეობის ინფორმირება", -ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სააგენტოს ცნობით, მოსახლეობა უნდა მოერიდოს და მოარიდოს პირუტყვი იმ ტერიტორიას, სადაც მოწამვლის პროცესი იქნება.


სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს წარმომადგენელმა თამარ ჩაჩანიძემ „ნეტგაზეთს" უთხრა, რომ შეწამვლის  პროცესი სახელმწიფოს დაფინანსებით მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ თანხას  თამარ ჩაჩანიძე ამ ეტაპზე ვერ ასახელებს.

 

„პარალელურად, იქ, სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები რეგიონებში მობილიზებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გაგრძელდება", - აცხადებენ უწყებაში.


კითხვაზე, რომელი ტერიტორიები შეიწამლება  პირველ ეტაპზე და რამდენ ხანს გასტანს  პროცესი, საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს თეა შველიძე გვპასუხობს, რომ ამას დარგის სპეციალისტები წყვეტენ და ზუსტი პასუხი ამ ეტაპისთვის არ აქვთ.


აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს  მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რაც შეეხება 2017 წელს მიყენებულ ზარალს,  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ "ნეტგაზეთს" უთხრა, რომ ამ ეტაპზე ზარლის ზუსტი ოდენობა დათვლილი არ არის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი