logo_geo
გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

25 სექტემბერი. 2017. 01:14


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის 5.6-კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.


გერგეტის სამებამდე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი მისვლა, რაც დამთვალიერებელს ძვირად უჯდება. მოლაშქრეების დიდი ნაწილი ფეხით ადიოდნენ ეკლესიამდე, ხოლო ტურისტები- ყაზბეგში დაქირავებული დელიკებით. მიმდინარე ზაფხულს მაღალი გამავლობის ავტომობილის მომსახურება ყაზბეგში საშუალოდ 50 ლარი ღირდა.


მათი ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.


როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, სამუშაოები 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია.


გერგეტის სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას.


 

big_banner
არქივი