logo_geo
სტიქიის ზონებში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
- +

16 ოქტომბერი. 2017. 18:02


„ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონებში კოორდინირებულად მუშაობენ", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.


მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონებში ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს.


სამინისტროს ცნობით, იმერეთის, გურიის აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და უშუალოდ უწევენ სამუშაოს კოორდინირებას. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.


მუნიციპალიტეტებში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბები და დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. ასევე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქუთაისში და ოზურგეთში. ასევე, განვითარდა მეწყრული პროცესები გურიისა და აჭარის რამდენიმე სოფელში. ყველა დაზარალებულ მონაკვეთში მობილიზებული არიან სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.


ამ ეტაპზე იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში ელექტროენერგია რამდენიმე ათას აბონენტს არ მიეწოდება, ადგილზე მუშაობენ „ენერგო პრო-ჯორჯიას" წარმომადგენლები, პრობლემურ კერებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რათა მოსახლეობას ელექტროენერგია უმოკლეს ვადაში აღუდგეს.


ძლიერმა წვიმამ პრობლემები აჭარაშიც შექმნა, სტიქიის ადგილას იმყოფება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯომარე ზურაბ პატარაძე და შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა.


ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ძლიერი თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზების მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. გურიასა და იმერეთის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დილიდან ახორციელებენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა საქართველოში 17 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი და ქარბუქი. 18 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, დღის ტემპერატურა მოიმატებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი