logo_geo
ვინ არის მარტოხელა დედა, რომლის ცეცხლმოკიდებული სახლის კადრებმა საქართველო შეძრა
- +

11 მარტი. 2021. 02:40

 

გუშინ, მესტიაში ხანძარი იყო. ცეცხლის ალმა ხის კოტეჯი სრულიად შთანთქა. 30 წლის ელენე განაია ფერფლად ქცეულ საკუთარ ნაშრომს დასტიროდა. ამ ხანძრის ამსახველმა ვიდეო კადრებმა მთელი საქართველო შეძრა.

 

პატარა, მყუდრო, თანამედროვე, ულამაზესი კოტეჯი, რომელსაც „ხის ქოხი” ერქვა, ახალგაზრდა, ქვრივის ოცნების სახლი იყო. ორი შვილის დედის, ელენე განაიას გეგმებიც ამ ქოხთან ერთად ჩაიფერფლა…

 

ტყეში ჩაკარგული ორი კოტეჯის მეპატრონემ ძალიან დიდი შრომა ჩადო, ის სწორედ თავის ნაშრომს დასტიროდა… მის ცხოვრებაში დაცემა, წამოდგომა და ისევ ახლიდან დაწყება, პირველად არ მომხდარა. ზუსტად 9 წლის წინ, ელენეს მეუღლე ტრაგიკულად დაიღუპა. ის ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ორი შვილი დარჩათ, ელენე მათთან ერთად ქმრის ოჯახში, სვანეთში ცხოვრობს და ქმრის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქმიანობაც სვანეთს დაუკავშირა, თუმცა გარემოებებმა მისი გეგმები არ დაინდო და ნაცარტუტად აქცია.

 

 

ახლა, ისევ ფეხზე წამოდგომა და ნახანძრალიდან სფინქსივით აღზევება მოუწევს. როცა მას „პრაიმტაიმი” დაუკავშირდა, ინტერვიუს ჩაწერისას, ვრწმუნდებოდი, რომ ეს ახალგაზრდა და ძლიერი ქალი უფრო მეტს შეძლებს, უფრო მეტს გააკეთებს და უფრო მძლავრად დადგება ფეხზე… გამოწვევების მიღება მისი ყოველდღიურობაა, ბრძოლაც ყოველდღიურობის ნაწილია…

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ელენეს ტკივილით სავსე და სასოწარკვეთილი ხმა გაისმის: „აუ, რამდენი ვიწვალე…”

 

ახლა, მისი საოცარი ნაშრომისგან მხოლოდ ფოტო კადრები შემორჩა, დაუნდობელმა ცეცხლმა ერთი კოტეჯი მთლიანად გაანადგურა, თუმცა ელენეს მიზნებს და მიზანსწარფულობას ვერც ცეცხლი და ვერც სხვა სტიქია ვერაფერს დააკლებს…

 

„ეს ადგილი ზაფხულში მეგობრისგან შეღავათიან ფასად შევიძინე და დავტვირთე იპოთეკით. იმ პერიოდში გავიკეთე ოპოერაცია და სახლში ვიყავი. მეტი დრო მქონდა მეფიქრა და არც თუ დიდი ფიქრის შემდეგ, გამიჩნდა იდეა, რომ ამ ადგილას კოტეჯები ჩამედგა.

 

 

ბანკიდან  სესხი ავიღე, თანხის ნაწილი მეგობრებმა მასესხეს და ამით გავაკეთე ეს ადგილი, სადაც 7-კაციანი და 9-კაციანი ორი კოტეჯი ავაშენე და ასევე ბარი, მოსასვენებელი ადგილი. საერთო ჯამში ეს ყველაფერი 150 ათასზე მეტი დამიჯდა.

 

მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დავასრულე. ყველაფერი ჩემი დიზაინით გავაკეთე. ასაშენებელი მასალები პირადად ჩამომქონდა და მართლა ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ აქამდე მომეყვანა.

 

ისე არ ყოფილა, რომ რაღაცა შევუკვეთე და გამზადებული ჩამაბარეს. ხელოსნებთან ერთად მეც ვმუშაობდი, ყველა დეტალზე, რა როგორ უნდა ყოფილიყო, ბევრი მაქვს ნაფიქრი. ყველა პროცესში ვიყავი ჩართული. ამაზე უფრო დამწყდა გული…  გუშინ, 7-კაციანი კოტეჯი ფერფლად იქცა. ბარი და მეორე კოტეჯიც დაზიანდა, ჩამტვრეულია ვიტრაჟები.

 

– როგორ გაჩნდა ხანძარი?

 

– მოგეხსენებათ, სვანეთში მკაცრი კლიმატური პირობებია, რამდენიმე დღით სხვაგან ვიყავი წასული და უკან, რომ დავბრუნდი წყლის მილები გაყინული დამხვდა. 3 დღე დაგვჭირდა, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დაზიანებული მილები გამოვცვალეთ, დავალაგე კოტეჯები და გამოვკეტე ყველაფერი.

 

არ ვიცი მაღალი ძაბვა იყო და მოკლე ჩართვა მოხდა თუ რა იყო, მაგრამ მერე რაც მოხდა ყველამ ნახა. მესტიის ცენტრიდან დაინახეს, რომ ტყიდან კვამლი ამოდიოდა. ჩვენს სახანძროს ახალი მანაქანა ჰყავს და როგორც კი შეტყობინება შევიდა, მაშინვე აქ გაჩდნენ, მაგრამ კოტეჯი უკვე დამწვარი იყო. სახანძროს მისვლამდე ადგილზე ჩემი მეგობრები მივიდნენ.

 

მეორე კოტეჯის აივანზე მიდგას წყლის რეზერვუარი და ცეცხლი მასაც, რომ არ გასჩენოდა წყალს ასხამდნენ. მე რომ ამოვედი კოტეჯი უკვე განადგურებული დამხვდა. სულ სხვა გეგმები მქონდა. ველოდებოდი, რომ დამსვენებლები მიმეღო…

 

გუშინდელის მერე ძალიან ბევრი ადამიანი მეხმიანება. აქ არ არის საუბარი ფინანსურ მხარდაჭერზე, უბრალოდ უამრავი უცნობი თუ ნაცნობი ადამიანი მწერს, მირეკავს და მკითხულობს. მადლობელი ვარ ყველასი. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. მიყვარს როდესაც სხვა ადამიანებს ვახარებ. ეს კოტეჯებიც იმიტომ გავაკეთე, რომ აქ ყოფნით სხვა ადამიანებიც გამებედნიერებინა. შევქმენი ახალგაზრდული სივრცე, რომელიც მათ საყვარელ ადგილად იქცა.

 

ბედნიერი ადამიანი ვიქნები, როცა ერთმანეთის სიხარულის გაზიარებას ვისწავლით, თორემ ჭირის გაზიარება ყველას შეგვიძლია. დასაქმებული მყავს ერთი ადამიანი, პანდემიიდან გამომდინარე, სტაბილურად ჯერ მეტის დასაქმება ვერ შევძელი. ახლა ასეთი გეგმა გვაქვს, ეზოს როგორც კი დავასუფთავებთ, დიდი კოტეჯი მინდა, რომ მოვიყვანო მწყობრში, წყალი ელექტროენერგია და ვიტრაჟები გამოსაცვლელია, იქნებ განვაახლო მუშაობა. ბევრი საბანკო ვალდებულება მაქვს, სხვა გზა არ არის, უნდა ავამუშაო… გუშინ ძალიან ბევრი ვიტირე, გამოვიგლოვე. თან მრცხვენოდა, გიორგის დაკარგვის მერე რა მატირებს-მეთქი, მაგრამ ხანძარი სიკვდილივით შემზარავი ყოფილა. როცა შენი ხელით ნაშენები ცეცხლის ალშია გახვეული, იფერფლება და ამ დროს, არაფერი შეგიძლია, საშინელებაა. “- ამბობს ელენე.

 

პროფესიით ეკონომისტია. ამჟამად ევროკავშირის პროექტშია დასაქმებული და პარალელურად, ინგლისური ენის პედაგოგია. 21 წლის იყო, რომ დაქვრვდა. ის დღემდე მეუღლის ოჯახში ცხოვრობს.

 

„ბევრს უკვირს, რომ ახლაც ჩემი მეუღლის ოჯახში ვცხოვრობ. ბევრისთვის მისაღები არ არის, ბევრისთვის მისაღებია. არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს, ისეთი, რომ ვერც ინატრებენ ვერასდროს და ალბათ, ამიტომ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ვცხოვრობდე ჩემი მეუღლის ოჯახში. მე თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ერთ დროს ვაკელი ვიყავი, მაგრამ უკვე 12 წელია სვანების რძალი ვარ. გვყავს ორი შვილი, მარიამი 11 წლის ხდება ოქტომბერში, ანასტასია – 9-ის არის. “ – ამბობს ელენე.

 

https://primetime.ge/videoshi-elenes-tkivilit-savse-da-sasotsarkvetili-khma-gaismis-au-ramdeni-vitsvale-vin-aris-martokhela-deda-romlis-tsetskhlmokidebuli-sakhlis-kadrebma-saqartvelo-shedzra/

 

big_banner
არქივი