logo_geo
15 ივნისს ბათუმში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება
- +

14 ივნისი. 2021. 11:27

 

 

15 ივნისს, ქალაქ ბათუმში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით დასაქმების მასშტაბურ ფორუმს გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართება.

 

ფორუმზე აჭარის რეგიონში არსებული 65 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი 253 ვაკანსიას წარმოადგენს. 1008 სამუშაო ადგილი ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.

 

ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

 

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სასწავლებლები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზებენ პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სასწავლებლები და დამსაქმებლები შეძლებენ კავშირების დამყარებას და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას.

 

დასაქმების ფორუმი 15 ივნისს „სანსეტ ბათუმში“ გაიმართება (მისამართი: ქ. ბათუმი, იუსტიციის სახლის წინ, არდაგანის ტბის მიმდებარედ) და მისი ხანგრძლივობა 11:00 საათიდან 15:00 საათამდეა.

 

 

big_banner
არქივი