logo_geo
სექტემბერში დაგეგმილი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი არ ჩატარდება
- +

11 აგვისტო. 2021. 19:11

 

 

„პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების გამო იუნესკოს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის სექტემბერში დაგეგმილი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი არ ჩატარდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.

 

მათივე ცნობით, რიგით მეცხრე ფესტივალი გაიმართება 2022 წლის სექტემბერში იუნესკოს მაღალი პატრონაჟით.

 

„ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დააარსა გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელმა, დღეს უკვე პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ.

 

ფესტივალმა ძალიან მალე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და დღეს წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას.

 

აჭარის რეგიონის არაჩვეულებრივ ბუნებას ყოველწლიურად ეცნობიან მსოფლიოში აღიარებული მოწვეული მუსიკოსები, რომლებსაც დიდხანს მიჰყვებათ საქართველოში განცდილი ემოციები.

 

ფესტივალის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიზაციასა და კულტურული ინტეგრაციის პროცესებს, რაც ითვალისწინებს როგორც გალა-კონცერტებს, ასევე მასტერკლასებსა და სემინარებს.

 

აღნიშნული ფესტივალი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო მისიებთან და ახორციელებს უნიკალურ არტ-ბანაკის პროგრამას განათლების სამინისტროსთან ერთად.

 

ფესტივალში ინტეგრირებული არტ-ბანაკი მოიცავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის შემუშავებულ სპეციალურ სახელოვნებო პროგრამას. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კრეატიული პროგრამის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ და ეზიარონ მაღალ ხელოვნებას.

 

ფესტივალი მომავალ წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით დაუბრუნდება მსმენელს და კლასიკური მუსიკის ჰანგები მოეფინება ულამაზეს ქალაქ ბათუმს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი