logo_geo
აჭარაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს
- +

5 სექტემბერი. 2021. 14:06

 

 

 

COVID-19ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვის არეალი აჭარის რეგიონში ყოველდღიურად მზარდია. შესაბამისად, გაზრდილია ვაქცინაციის მსურველთა სტატისტიკაც. ამ დროისთვის, აჭარაში 157 889 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.

 

აქტიურად გრძელდება მუნიციპალიტეტებში პედაგოგების ვაქცინაციის მხარდაჭერაც. აჭარის რეგიონში პედაგოგებისა და სკოლებში დასაქმებული პირების ამ ეტაპზე 50%-ზე მეტი ორჯერადად აცრილია.

 

შუახევის „ევექსის კლინიკაში“ პედაგოგების ვაქცინაციის პროცესს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე დაესწრნენ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს აქტიურობისათვის და აღნიშნა რომ „ვაქცინაციით საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, ჩვენ ვზრუნავთ მოსწავლეებისთვის სასკოლო გარემოში განათლების მიცემის შესაძლებლობის შექმნაზე“.

 

გრძელდება მაღალმთიან სოფლებში გამსვლელი ბრიგადებით იმუნიზაციაც. ამ დროისთვის, გამსველელი ბრიგადების მიერ 14 ლოკაციაზე 460-ზე მეტი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე იმუნიზაციის პროცესს ასევე გაეცნო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურში, სადაც ძირითადად ხანდაზმულები აიცრნენ. გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანი სწორედ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

 

„ვაქცინაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდის მიზნით, მუნიციპალიტეტების სოფლებში, რომლებიც დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრებს, იმუნიზაცია ხორციელდება გასვლითი ბრიგადების საშუალებით. ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით, მოქალაქეები არიან ინფორმირებულები და მიხარია, რომ დღეს ოლადაურში, საკმაოდ ბევრმა ადგილობრივმა გამოთქვა ვაქცინაციაში ჩართვის სურვილი, მათ შორის ხანდაზმულებმა და ოჯახებმა სრული შემადგენლობით. პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად იმართება ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებში“, - აღნიშნა მარი ზანაქიძემ.

 

right_banner big_banner
არქივი