logo_geo
დადიანების სასახლეში ახალი საგამოფენო, საგანმანათლებლო სივრცეები და ექსპოზიცია გაიხსნა
- +

29 ოქტომბერი. 2021. 16:36

 

 

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში ახალი საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები, დედოფლისეულ სასახლეში კი ახალი ექსპოზიცია გაიხსნა, რომელთა რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

 

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო და განახლებულ სამკითხველო დარბაზს სამინისტროსგან საჩუქრად გადასცა სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სხვადასხვა სახის ლიტერატურა და პერიოდიკა.

 

ამასთან, დადიანების სასახლეს საჩუქრად გადაეცა წიგნები სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტისგან „ცოცხალი წიგნები“.

 

საზეიმო ღონისძიებაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა დადიანების სასახლის რეაბილიტაციის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის საკუთარი კულტურის გაცნობის თვალსაზრისით, ასევე უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიმართულებითაც. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“, რომლის მხარდაჭერით 2016-2019 წლებში ნიკოსეული სასახლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

 

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ქართუს“ შემდეგ უკვე სამინისტრო ჩაერთო სასახლეების აღორძინების საქმეში და რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს დადიანების სასახლით, რომელიც არის ქართველების ეროვნული ღირსებისა და იდენტობის, ასევე იმის სიმბოლო, რომ საქართველო არის ევროპული კულტურის ნაწილი.

 

„დადიანების სასახლეში ცხოვრობდა ავსტრიელი მწერალი, პირველი ქალი ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების საქმეში ბერტა ფონ ზუტნერი. დადიანებს დინასტიური კავშირი ჰქონდათ საფრანგეთის იმპერატორთან. ამიტომ სასახლეში ინახება ნაპოლეონ პირველისა და ნაპოლეონ მესამის ნივთები: პირადი კორესპონდენციები, ავეჯი, უნიკალური ტილოები და ფოტოები. სასახლის მკვიდრთა ევროპასთან კავშირებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. სამწუხაროდ, დადიანების სასახლეში დაცული ექსპონატების დიდი ნაწილის ხილვა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ვინაიდან დედოფლისეულ სასახლეში საექსპოზიციო დარბაზებში ჭერის ჩამონგრევის მიზეზით დარბაზები დაკეტილი იყო. დღეიდან ამ სივრცეების და მათში გამოფენილი ექსპოზიციის ნახვა ყველა მსურველს შეუძლია. ასევე უფლისწულ ნიკოს სასახლეში გაიხსნა არაჩვეულებრივი სამკითხველო დარბაზი, რომელიც შეითავსებს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო ფუნქციას. მინდა მივულოცო ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს ეს შესანიშნავი ახალი ამბავი და იმედი გამოვთქვა, რომ მოგვეცემა სასახლის აღდგენაზე მუშაობის გაგრძელების საშუალება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მოწვეულ სტუმრებს დადიანების სასახლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კალანდიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დღეიდან, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში ფუნქციონირებას დაიწყებს სამკითხველო დარბაზი, რომელიც სასახლეში საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით ამოქმედდა. ახალი სივრცისთვის სპეციალურად მომზადდა ვიტრინა-კარადები, სადაც დადიანების უნიკალური ბიბლიოთეკა გამოიფინა. მათ შორისაა: ნაპოლეონის კორესპონდენციები, მე-17-18 საუკუნეების იტალიური, ფრანგული, გერმანული გამოცემები. აღსანიშნავია, რომ უნიკალურ ლიტერატურაზე წვდომა მეცნიერებისათვის სამკითხველო დარბაზის არარსებობის გამო შეზღუდული იყო. ამიერიდან, მკვლევარებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ მათთვის საინტერესო ხელნაწერები, ფოტოები, საარქივო მასალა და ა.შ. სამკითხველო დარბაზი დადიანების სასახლეების ისტორიაში ამ ტიპის პირველი საზოგადოებრივი სივრცეა, რომელიც მუზეუმში დაცული უნიკალური საგანძურის კვლევასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

 

ღონისძიების ფარგლებში, დედოფლისეულ სასახლეში ახალი ექსპოზიცია გაიხსნა. ეკატერინე დადიანის რეზიდენციაში მთავრისეული დარბაზი, უფლისწულ ანდრიას ოთახი და იმპერატორების გალერეა ნახევარ წელზე მეტია დაკეტილია, რისი მიზეზიც სამივე სივრცეში ჩამონგრეული ჭერი გახლდათ. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით სასახლეში გადაუდებელი სამუშაოების პირველი ეტაპი ჩატარდა. ამიერიდან დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა დედოფლის სასახლე სრულად დაათვალიეროს, იხილოს ახალი ექსპოზიცია, სადაც ნივთების უმრავლესობა პირველად გამოიფინა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია საგამოფენო სივრცეების მეცნიერული კვლევა და სრული რეაბილიტაცია. საზეიმო ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ჩხოროწყუს სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა და ანსამბლმა „ოდოია“.

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძემ, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორმა დავით ოყუჯავამ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა ჯაბა სამუშიამ.

 

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო-სვანეთში გიორგი გუგუჩია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

big_banner
არქივი