logo_geo
ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა
- +

29 ნოემბერი. 2021. 18:50

 

„ორგანიზაცია „ენგური ატრაქცია“-ს მიერ პროექტის „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი – მსოფლიო დონის ატრაქცია“ ეტაპობრივი განხორციელება დაიწყო“, – ამის შესახებ ინფორმაციას “ენგურ ატრაქცია” ავრცელებს.

 

მათი ცნობით, პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილი ქართული ინჟინრული აზრის გამორჩეულ ნაგებობაზე, ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა.

 

ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც პროფესიონალი გიდი გაუძღვება, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.

„ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს, რა დროსაც, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ: კაშხლის ხიდი (გადასახედი), დისკური ფარების შენობა, კაშხლის 315-ე ნიშნულზე არსებული გვირაბი, სადაც ახსნილი იქნება კაშხლის სტრუქტურა და მისი გამორჩეული საინჟინრო თვისებები, ასევე მოინახულებენ ინჟინრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პერიმეტრალურ გვირაბსა და კაშხლის ფარების განყოფილებას, რომელიც წყალსაცავში წყლის დონეს არეგულირებს.

ამ, საკმაოდ უჩვეულო და შთამბეჭდავი მარშრუტის გავლის შედეგად, ვიზიტორები შეიმეცნებენ თაღოვანი კაშხლის მოწყობის განსაკუთრებულ თავისებურებებს და გაეცნობიან ჰიდრორესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოშობის მთავარ ასპექტებს.

ტურით სარგებლობა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, ორშაბათის გარდა (სამშაბათი-კვირა).

სამუშაო საათები: 11:00 სთ-დან – 5:00 სთ-მდე.

გაითვალისწინეთ, ტური განხორციელდება მხოლოდ 5 ან მეტი ვიზიტორის შემთხვევაში (1 ტურით სარგებლობს მაქსიმუმ 24 ვიზიტორი) “,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი