logo_geo
ნინო ლაცაბიძე: ჩვენ გავამკაცრებთ მიდგომებს, მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს კანონის დაცვით, ისე, რომ არც გარემოს და არც იქ დასაქმებულ ადამიანებს საფრთხე არ ექმნებოდეთ
- +

6 დეკემბერი. 2021. 15:40

 

 

„რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური, მუნიციპალურ ინსპექციად ჩამოყალიბდება“, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ კვირის სამუშაო თათბირზე განაცხადა.

 

რუსთავის მერის განცხადებით, სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მშენებლობაზე გადაღებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ირღვევა ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმები. ნინო ლაცაბიძის თქმით, იმისთვის, რომ სრულფასოვანი და ხარისხიანი მონიტორინგი განხორციელდეს, აუცილებელია ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგი და გაძლიერება.

 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზედამხედველობის სამსახური, ერთ-ერთი წარმატებული უნდა იყოს, ამისთვის იგეგმება რებრენდინგი და სამსახურის განვითარება. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა. ახალი წლიდან, ზედამხედველობას, რომელიც მუნიციპალურ ინსპექციად ჩამოყალიბდება, დაემატება ახალი საშტატო ფუნქციები, ვგეგმავთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებას, ახალი ფორმების, სამხრე კამერებისა და ავტომანქანების შეძენას. მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს სწორედ ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სამშენებლო პროცედურებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ჩვენ გავამკაცრებთ მიდგომებს, მშენებლობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს კანონის დაცვით, ისე, რომ არც გარემოს და არც იქ დასაქმებულ ადამიანებს, საფრთხე არ ექმნებოდეთ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

 

big_banner
არქივი