logo_geo
კულტურის სამინისტრომ უშგულში სამი სვანური კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა
- +

7 დეკემბერი. 2021. 17:38

 

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების სამი კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის სვანეთში გამართული სამუშაო ვიზიტისას, სავალალო მდგომარეობაში მყოფი სამი სვანური კოშკის გადაუდებელი რეაბილიტაცია დაიგეგმა. სამუშაო ვიზიტისას თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო UNESCO-ს ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არსებულ მდგომარეობასა და აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მაცხოვრებლების პოზიციაც მოისმინა.

 

„მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უშგულის თემში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სამინისტრო ზამთრის დადგომამდე ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა.

 

უშგულის თემში არსებული სამი სვანური კოშკი მასშტაბური სარეაბილიტაციო პროცესის პირველი ეტაპისთვის განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობის გამო შეირჩა, რადგან დაზიანებული სახურავისა და რთული კლიმატური პირობების გამო, მომავალ ზამთარს მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდებოდა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სრულად შეიცვალა კოშკების გადახურვა, რაც გულისხმობს ძველი ხის კოჭების ახლით ჩანაცვლებას, იზოლაციის მოწყობას, არსებული ფიქლის ქვის გადამუშავებას და სახურავის მოწყობას.

 

ინფორმაცია სარეაბილიტაციო კოშკების შესახებ: ზაქრო რატიანის შეწყვილებული (ტყუპი) კოშკი (სვანურად მურყვამი) უშგულის თემის ჟიბიანის უბანში დგას და უნდა ეკუთვნოდეს განვითარებული შუა საუკუნეების ბოლო პერიოდსა და გვიან შუა საუკუნეებს. ის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია (მასზე მიდგმულია მაჩუბი). ეს არის ხუთსართულიანი ორი ერთმანეთზე მიდგმული კოშკი, რომელიც თავის დროზე აღდგენის შედეგად გაუერთიანებიათ და შედეგად ბოლო ორი სართული ერთიან სივრცეს ქმნის.

 

ბესო ჭელიძის კოშკი (სვანურად მურყვამი) დგას უშგულის თემის უბან ჩვიბიანში, თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით და ერთადერთი შემორჩენილი კოშკია ამ უბანში. ის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია (მასზე მიდგმულია მაჩუბი). კოშკი ხუთსართულიანია, რომელშიც ასასვლელი ამჟამად საცხოვრებელი სახლიდანაა. სართულშორისი გადახურვა ქვითკირისაა. ქონგური გადახურულია ფიქლით.

 

ვიტალი/ვარდენ ღვაჩლიანის კოშკი - სოფ. მურყმელი - დგას უშგულის თემის უბან მურყმელში და განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება. წარმოადგენს კომპლექსის შემადგენელ ნაწილს (მასზე მიშენებულია მაჩუბი). კოშკი ექვსსართულიანია. სართულშორისი გადახურვა ხის კოჭოვანია. პარაპეტი დახურულია ფიქალის ქვით.

 

სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ, სრულად დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი მოსახლეობით. სამუშაოების დამკვეთი იყო სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი