logo_geo
ავთანდილ თალაკვაძემ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე 12 ახალი პროექტი წარადგინა
- +

16 თებერვალი. 2022. 14:24

 

 

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე მერმა ავთანდილ თალაკვაძემ  12 ახალი პროექტი წარადგინა.

 

„საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად გავაკეთებთ ნაპირდაცვის ახალ ინფრასტრუქტურას. კერძოდ, სოფელ წითელმთაში  მოხდება ბეტონის ჯებირის მშენებლობა - საფრთხე ექმნებოდა მიმდებარე მოსახლეობის სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს, ხიდის მდგრადობას. ამისათვის დაიხარჯება 284 889 ლარი; სოფელ ნაგომარში აშენდება ნაპირდამცავი კონსტრუქცია, რაშიც 139 542 ლარი დაიხარჯება; მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, დაბა ურეკში ხორციელდება ბულვარის მშენებლობის სამუშაოები.

 

ვიწყებთ სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფელ სილაურის ხიდის მშენებლობას, რაშიც 450 000 ლარამდე დაიხარჯება. ვიწყებთ პროექტირების სამუშაოებს სოფ. ლიხაურში „ოქროს მუხუროდან“ ლიხაურის ცენტრამდე დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციისთვის. აქვე მინდა გამოვეხმაურო უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელიც მაკვანეთი-ლიხაურის დამაკავშირებელი გზის გარშემო იყო შექმნილი - სინამდვილეში, პროექტი გეგმიდან არ ამოგვიღია და ამ წლების განმავლობაში, მერიის მხრიდან მხოლოდ საუბარს ისმენდით, ჩვენ ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. ამ მომენტში, მოგეხსენებათ წყლის და საბაზისო კომუნიკაციების გამოცვლა მიმდინარეობს.

 

ვმუშაობთ ნარჩენების მართვის მიმართულებითაც - ოზურგეთი 6 ერთეულ ახალ ტექნიკას და 300 ერთეულ ნაგავშემკრებ კონტეინერს მიიღებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ამით მოხდება მომსახურების არეალის გაფართოება.

 

ოზურგეთში ვიწყებთ წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემის განახლებას და წყალმომარაგების გაუმჯობესებას, რაზეც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „სატისი“ იქნება პასუხისმგებელი. მიმდინარეობს ქსელის შემდგომი გაფართოების გეგმის მომზადებაც“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

ბოლო საკითხი, რაზეც მერმა ყურადღება გაამახვილა,  გახლავთ  დაბა ნასაკირალში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტი, რომლის შესრულებაში ხარვეზებზე აუდიტის დასკვნაშიც არის აღნიშნული.

 

„სამწუხაროდ, ამ კომპანიას რამდენჯერმე გაუგრძელდა ხელშეკრულება ისე, რომ ჯარიმებიც არ ჰქონდა ვადების გადაცილების გამო დაკისრებული. მიუხედავად ამისა, მათ დღემდე არ შეასრულეს ვალდებულებები და წყალმომარაგების სისტემა, როგორც ხელშეკრულებაში იყო განსაზღვრული ნასაკირალისთვის - არ გაკეთებულა. კანონის შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება კომპანიას შევუწყვიტოთ კონტრაქტი და მათ მიმართ მივიღოთ შესაბამისი ზომები. პროექტის გაგრძელების და წარმატებით დასრულების შესახებ, ჩვენს გეგმას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი