logo_geo
გურიაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ზურაბ შევარდნაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
- +

1 მაისი. 2022. 10:51

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ზურაბ შევარდნაძის წიგნის - „მობძანდი, შინ მობძანდი ნენა..“ პრეზენტაცია გურიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვში, წიგნის ავტორის მშობლიურ სახლში გაიმართა.

 

ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, წიგნის მთავარი გმირები ესწრებოდნენ.

 

ზურაბ შევარდნაძის წიგნი „მობძანდი, შინ მობძანდი ნენა.." „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოიცა.

 

წიგნში ხანდაზმული და ღვაწლმოსილი გურულები თავად მოგვითხრობენ, გურულ დიალექტზე, თავიანთი განვლილი ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ. ავტორის მთავარი მიზანია მკითხველის დაინტერესება გურიით, ადგილობრივი კულტურით, ისტორიითა და იქ მცხოვრები ადამიანების ყოფით.

 

თეა წულუკიანმა ავტორს წიგნის გამოცემა მიულოცა და აღნიშნა, რომ ზურაბ შევარდნაძის მიერ გურულებთან ჩაწერილი საუბრები წიგნად რომ არ გამოცემულიყო, შესაძლოა, დაკარგულიყო უნიკალური ტერმინები და ის ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც თითოეულ მონათხრობშია. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო გეგმავს ასევე გამოსცეს ღორჯომის ხეობაში ზურაბ შევარდნაძის მიერ შეგროვებული სხვა უნიკალური მასალაც, რომელსაც ის ეთერ თათარაიძესთან ერთად ამჟამად ამუშავებს.

 

ღონისძიების ფარგლებში, წიგნის პერსონაჟებმა მოწვეულ სტუმრებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს, შესრულდა მუსიკალური და ლიტერატურული ნომრები. ავტორთან, ზურაბ შევარდნაძესთან ერთად წიგნზე რედაქტორმა ეთერ თათარაიძემ და ფოტოგრაფმა ზაქარია ჭელიძემ იმუშავეს.

 

 

big_banner
არქივი