logo_geo
„ქართული ოცნების“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაცია: ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს უპასუხისმგებლობის გამო მუნიციპალიტეტი 1 მილიონამდე ლარს კარგავს
- +

15 მაისი. 2022. 14:28

 

 

„ქართული ოცნების“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაცია სოფლის კრებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს დაუდევრობით და საქმის უგულებელყოფით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კარგავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ, ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს მიერ უპასუხისმგებლობის მორიგ გამოხატულებას. საკრებულოში თანამდებობების გადანაწილების შემდეგ მის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა გახარიას პარტიის და ნაციონალური მოძრაობის კოალიციას. სწორედ მათი დაუდევრობით და საქმის უგულებელყოფით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კარგავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. საუბარია 948 ათას ლარზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოუყო.

 

როცა ვისმენდით, რომ თითქოს გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია ზუგდიდის საკრებულოში ხალხის საკეთილდღეოდ მოდიოდა ფარსი აღმოჩნდა. ამაზე ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით,  თუმცა ახლა ეს ფაქტებით დასტურდება. მაშინ, როცა მერიამ მიმართა საკრებულოს ვადების დაცვით, მიაწოდა სოფლის კრებებზე ხალხის მიერ დასმული პრობლემები და სთხოვა პროგრამის მხარდაჭერა - მათ ვერ მოახერხეს ელემენტარულად საკითხის გატანა და ხალხს დაუკარგეს 1 მილიონამდე ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა ჩვენს სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მათ გადაინაწილეს თანამდებობები, აიღეს პასუხისმგებლობა და ვხედავთ შედეგს. ეს არის უპასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე და ამტკიცებს მათ დამოკიდებულებას საქმისადმი.

 

უპასუხისმგებლოა მათი განცხადებაც, რომელიც ფაქტის მერიისთვის გადაბრალებას გულისხმობს. რეალურად გახარია/ნაცების კოალიცია მერიას იმაზე საყვედურობს რატომ არ მოხდა ვადების შეხსენება. ეს მაშინ, როდესაც ზუგდიდის მერიამ მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, პროექტით გათვალისწინებული სოფლის კრებები ჩაატარა, კრებებზე მოქალაქეების მიერ წამოჭრილი საკითხები დაამუშავა და დასამტკიცებლად 14 აპრილს ზუგდიდის საკრებულოს გაუგზავნა. თუმცა ამ უკანასკნელს საკრებულოს სხდომაზე მისი განხილვა ვადების შესაბამისად არ მოუხდენია, არადა კანონით განსაზღვრული ვადა 1-ელ მაისს ეწურებოდა. ვადების შეხსენება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უნდა სჭირდებოდეს, მაშინ როცა ის მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე მუშაობის დროს თავად კურირებდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.

 

ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს არ ჰყოფნის გამბედაობა აღიაროს შეცდომა და აიღოს პასუხისმგებლობა. კანონის არცოდნა და დილეტანტობა არ ათავისუფლებს  მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობას და მის თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობისგან. მათი ვალდებულებაა ხელი შეუწყონ მუნიციპალური თუ სახელმწიფო სერვისებისა და პროექტების განხორციელებას - ჩვენ კი მივიღეთ, რომ საკრებულო ხელშეწყობის ნაცვლად ხელს უშლის მოქალაქეებს მიიღონ არსებული სერვისები და პროექტები.

 

ჩვენ ვხედავთ ფაქტს, რომ რეალურად სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე პრობლემები შეიქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი მასშტაბით მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, წალენჯიხა), სადაც საკრებულოს უმრავლესობას გახარიას და ნაციონალების კოალიცია ფლობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი