logo_geo
ავთანდილ თალაკვაძე: წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და 8 პუნქტიანი გეგმის პრიორიტეტია
- +

16 მაისი. 2022. 14:30

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის მორიგ სხდომაზე ახალი პროგრამები და პროექტები წარადგინა, რომელთა განხორციელება იწყება, ხოლო ნაწილი უკვე დაწყებულია.

 

„მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრების დროს, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელდა წყალმომარაგება. ამ პრობლემის ეტაპობრივად მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და 8-პუნქტიანი გეგმის პრიორიტეტია. საკმაოდ მძიმე მდგომარეობა დაგხვდა, იმაზე მეტად, ვიდრე მოლოდინი იყო და აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „სატისის“ თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელს ნუგზარ ჩხარტიშვილს თითოეულ დაფიქსირებულ პრობლემაზე ოპერატიული რეაგირებისთვის და დღეს ვაძლევ დავალებას ჩემს მოადგილეს და კომპანია „სატისს“, მოამზადოს საპროექტო წინადადებები წყალმომარაგების სისტემების გასამართად შემდეგ ლოკაციებზე: სოფელი ოზურგეთის, ნაგომრის, მერია-კონჭკათი-გოგორეთისა და ხვარბეთის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტირება; ასევე უკვე არსებულ ჭაბურღილებზე შემდეგ სოფლებში, ნაღობილევის, ციხისფერდის ორ უბანში, ხრიალეთში, ნატანების მე-12 უბანში, წყლის მიმწოდებელი ქსელის პროექტირება და შემდგომ დაიგეგმება სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, პროექტები მოიცავს 400-ზე მეტ ოჯახის წყალმომარაგებით უზრუნველყოფას; ასევე, მიმდინარეობს ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქროს მუხუროს უბანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის  სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ წყლით უზრუნველყოფილი იქნება 50 ოჯახი. ჯამში წყალმომარაგების მიმართულებით 7 მლნ ლარის პროექტები მომზადდება.

 

რაც შეეხება დაბა ნასაკირალში წყალმომარაგების სისტემის  რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, როგორც წინა ჩართვაზე მოგახსენეთ, კომპანიას, რომელიც ახორციელებდა აღნიშნულ სამუშაოებს, ვერ შეასრულა ვალდებულებები და შეუწყდა ხელშეკრულება, შეფასდა განსახორციელებელი სამუშაოები და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი პროექტის დასრულებაზე. ასევე, რაც შეეხება დაბა ლაითურში წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემას, გადმობარების დროს აღმოჩნდა, რომ 5 ჭაბურღილიდან ფუნქციონირებდა მხოლოდ 2 ჭაბურღილი, გაიზარდა მოთხოვნა წყლის მოხმარების და ვავალებ შპს „სატისს“ უახლოეს პერიოდში უზრუნველყოს დამატებითი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები რომ უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს მოსახლეობას წყალი“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ მერიის სხდომაზე.

 

 

big_banner
არქივი