logo_geo
ირაკლი ქარსელაძე: 2022 წელს დაგეგმილია 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია
- +

25 მაისი. 2022. 19:41

 

 

2021 წელს, ჯამში, რეაბილიტირდა 512 კმ გზა. წელს დაგეგმილია 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება,” - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მინისტრის საათზე გამოსვლისას.

 

როგორც მან განაცხადა, მაღალი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე, სადაც 2023 წელს 73-კმ-იანი ახალი გზა იქნება, რითაც ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო თითქმის განახევრდება და მგზავრობას 2 საათი 30 წუთი დასჭირდება. მიუხედავად გამოწვევებისა და შეწყვეტილი ხელშეკრულებისა ხულო-ზარზმის უმნიშვნელოვანეს პროექტზე, პირველი 5 კმ-იანი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში გამავალი მონაკვეთი უკვე წელს დასრულდება. ინტენსიური სამუშაოები გაგრძელდება დარჩენილ მონაკვეთებზე და ხელშეკრულების შესაბამისად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს დასრულდება.

 

მინისტრის თქმით, გაგრძელდება სამუშაოები ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზეც, რომელიც გაანახევრებს გადაადგილების დროს ქუთაისის აეროპორტიდან უშგულამდე და მგზავრობას, კომფორტული და უსაფრთხო გზით 2,5 საათში გახდის შესაძლებელს, რაც იქნება დიდი შესაძლებლობა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად ათვისებისთვის. 2 მონაკვეთის დასრულება წელს იგეგმება, ხოლო მთლიანად გზა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

 

„ბუნებრივია, ასეთი შედეგების ნათელი დადასტურებაა 2021 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაჭარბებით შესრულებული ბიუჯეტი, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 614 მილიონი შეადგინა. ასევე, 13%-ით გაზრდილი 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 მილიარდ 853 მილიონ ლარს შეადგენს და მისი პირველი კვარტალიც უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული“, - განაცხადა ქარსელაძემ.

 

 

big_banner
არქივი