logo_geo
კასპის ისტორიული დოკუმენტების და საარქივო საქმეების პრეზენტაცია
- +

6 ივლისი. 2022. 16:02

კასპის ტექნოპარკში გაიმართა კასპის წყაროთმცოდნეობის საკითხებთან დაკავშირებული კვლევების შუალედური შედეგების პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის განყოფილების უფროსმა კასპის მკვიდრმა ივანე ჯახუამ. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის კვლევა, რომელიც დღემდე საქართველოში  არცერთ რეგიონზე არ გაკეთებულა.

 

დღეისათვის გამოვლენილია 3000-ზე მეტი საქმე, რომელთა 90 პროცენტიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად უცნობია.

 

კვლევის მიზანია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საისტორიო არქივში დაცულ საარქივო ფონდებში კასპის მუნიციპალიტეტის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების, საარქივო საქმეებისა და დოკუმენტების გამოვლენა, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია, ანალიზი და სპეციალური გამოცემის მომზადება. (ქრონოლოგიური ჩარჩო XIII საუკუნე - 1921 წწ.)

 

ისტორიული წყაროების, საარქივო საქმეებისა და დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შეძენა, მათზე დაყრდნობით სხვადასხვა თემაზე გამოცემების, გამოფენების მომზადება.

 

ქართული პრესის ფურცლებზე 1819-1921 წლებში კასპთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიებისა და ინფორმაციების ქრონოლოგიურად დალაგება და წიგნად გამოცემა.

 

 შერჩეულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული 200-მდე დასახელების ჟურნალ-გაზეთი, საიდანაც ამოღებულია 350-ზე მეტი სტატია და ინფორმაცია.

 

მნიშვნელოვანი და საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოსთვის,  კასპისთვის გაწეული უანგარო და დაუღალავი საქმისთვის ივანე ჯახუას მადლობა გადაუხადეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, შსს  არქივის დირექტორმა ბადრი ჩერქეზიშვილმა, ბერკლის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ჰარისონ კინგმა, პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა, მისმა პედაგოგებმა, თანკლასელებმა, თანაქალაქელებმა.

 

 

 

big_banner
არქივი