logo_geo
ნადარბაზევში, ფოტოების გადაღების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, მზესუმზირის პლანტაცია დაზიანდა
- +

2 აგვისტო. 2022. 15:10

 

 

გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის ტბასთან, მზესუმზირას ბაღები, წელს აქტუალურია. სტუმართა რაოდენობა გაზრდილია. ადამიანები ფოტოების გადასაღებად მიდიან, თუმცა, ფოტოკადრისთვის, პლანტაციაში შესული მოქალაქეები ბაღს აზიანებენ და ნარგავებს გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ.

 

„ხშირად მოვდივართ, ამ მზესუმზირების ნახვა ძალიან გვსიამოვნებს და ბავშვებიც ძალიან ერთობიან, მაგრამ ყოველ ამოსვლაზე უფრო და უფრო განადგურებული გვხვდება, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

 

ვიზიტორები ფოტოების გადაღების მსურველებს მოუწოდებენ, მზესუმზირებს გაუფრთხილდნენ.

 

„ეს საოცრება ყველამ უნდა ნახოს, მაგრამ სამწუხაროა, რომ მზესუმზირები ზიანდება. ძალიან ლამაზია, საუცხოოა, გავუფრთხილდეთ ამ სილამაზეს“, - ამბობს კიდევ ერთი ვიზიტორი.

 

მზესუმზირა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში მცხოვრებმა ფერმერმა, თემურ ფსუტურმა მოიყვანა. როგორც მან „ქრონიკასთან“ განაცხადა, პირველად, მზესუმზირა პატარა ტერიტორიაზე დათესა და მას შემდეგ, რაც მოსავალმა გაამართლა, მზესუმზირა 50 ჰექტარზე გააშენა. ფერმერი მიღებული მოსავლით, მცენარეული ზეთის გამოხდას გეგმავს.

 

„წინა წელს, შევეცადეთ, 6 ჰექტარზე დაგვეთესა, რამაც კარგი შედეგი მოგვცა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ წელს 50 ჰექტარზე დაგვეთესა. ამან ტურისტებში, სოციალურ ქსელებში, ძალიან დიდი ეფექტი გამოიწვია, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია“, - აცხადებს თემურ ფსუტური.

 

 

big_banner
არქივი