logo_geo
აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი ფიქსირდება
- +

18 აგვისტო. 2022. 15:04

 

 

აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა. სწრაფი ტემპით ხდება რეგიონში ეკონომიკური მაჩვენებლების აღდგენა. ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, სტატისტიკური მონაცემით აჭარაში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლები უსწრებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოლოდინებს და პროგნოზებს.

,,აჭარაში გვაქვს ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი და წელს, სავარაუდოდ, იქნება რეკორდული წელი ტურისტული ტრაფიკის და შემოსავლების მიმართულებით. ივლისი შემოსავლების თვალსაზრისით იყო რეკორდული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა. ამისათვის, არასეზონის დროსაც დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები, რომელსაც განახორციელებენ როგორც ტურიზმის დეპარტამენტი, ასევე სხვა უწყებები. მაქსიმალურად ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ტურისტული სეზონი გავახანგრძლივოთ და როგორც სექტორს, ასევე, მთლიანად რეგიონს მივცეთ საშუალება ისარგებლოს შემოსავლების ზრდით“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაურმა ტურიზმის განვითარების პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი და დადებითი დინამიკაა, ბათუმის აეროპორტში სრულადაა აღდგენილი საერთაშორისო ვიზიტები.

,,აჭარაში სრული აღდგენა გვაქვს შიდა ვიზიტების თვალსაზრისითაც. გაზრდილია მოთხოვნა ქობულეთი, გონიო, სარფი, კვარიათის მიმართულებითაც და აღნიშნულ საკურორტო ზონებზე, წინასწარი მოკვლევით სასტუმროების დატვირთვა აგვისტოში არანაკლებ 90 % იქნება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფრენების მიმართულებით სრულად აღდგა 2019 წლის მაჩვენებელი და უკვე აგვისტოს თვეში დაგეგმილია 400-ზე მეტი რეისი მხოლოდ ბათუმის აეროპორტში. რაც ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რაც გვქონდა 2019 წელს არის გაუმჯობესებული საჰაერო მიმოსვლის თვალსაზრისითაც.

მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ხდება საერთაშორისო ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება. აგვისტოს განმავლობაში, კი ბათუმის მიმართულებით 400 ფრენაა დაგეგმილი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ივლისში, ბათუმის აეროპორტში 12 ქვეყნიდან 370 საერთაშორისო რეისი განხორციელდა.

 

 

big_banner
არქივი