logo_geo
ვახტანგ გომელაური: ის საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებებში გადავიდეს, მოხსნილია, სტრატეგიულ მილსადენებზეც საშიშროება არ არსებობს
- +

24 აგვისტო. 2022. 21:59

 

 

ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილია - აღნიშნულის შესახებ ბორჯომის ხეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ხანძრის ქრობის სამუშაოების შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს გადასულია ცეცხლი და გაჩნდა ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარია, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა.

მთლიანად დავარტყით ახლა წრე, ვნახეთ, დავათვალიერეთ. გახსოვთ თქვენ, წინა წლებში მომხდარი ბორჯომის ხანძარი, ერთიანად, მთლიანად იწვებოდა ყველაფერი. აქ ასე არ არის, პატარ-პატარა კერებია. ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია.

ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილი. მაქსიმალურად გადასროლილია სახანძრო მანქანები ქვედა მხარეს და საშიშროება, რომ ცეცხლი გადავა დასახლებულ პუნქტებზე, არ არსებობს, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი არ ამოვარდა.

როდის ჩაქრება ხანძარი - ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ეს არის დიდ წილად ამინდზე დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვერტმფრენებიც რომ გვყავდეს მეტი, თუ ქარი იქნება, ვერ იმუშავებენ. ასევე, მსურს აღვნიშნო, როგორც მომახსენეს, სტრატეგიულ მილსადენებზე საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

 

 

big_banner
არქივი