ბათუმში „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ ჰილტონ ბათუმი, ქართულ, არაბრენდულ სასტუმროდ „ბლუმი“, საუკეთესო ჰოსტელად „ძველი ბათუმი“, ხოლო ყველაზე პოპულარულ რესტორნად „ფიროსმანი“ დასახელდა. გარდა ამისა, რეგიონში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული ბათუმის ბულვარმა, ხოლო ხშირად ვიზიტირებადი დაცული ტერიტორიისა მტირალას ეროვნულმა პარკმა მიიღო. ჯამში, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, წელს პირველად, მაგნოლიის დაჯილდოების ცერემონიაზე, დაწესდა ტურიზმის საპატიო ჯილდო, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გადაეცა.
აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები გადასცა კერძო და სამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.
„მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშით გაიხსნა. დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ სტუმრებს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის მიღწევები გააცნო.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლიას“ დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების და სექტორის შეფასებებს იყენებს. ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.