logo_geo
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოში სტიქიის მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნენ
- +

18 იანვარი. 2023. 00:07

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით სტიქიის შედეგების გასაცნობად სამეგრელოში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი იმყოფებოდნენ.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, ფოთსა და ზუგდიდში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ, არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

„სამეგრელოში, გურიას და იმერეთში რეგიონში საერთო შემაჯამებელი მონაცემებით 4000-ზე მეტი კერძო სახლის სახურავები ნაწილობრივ ან სრულად დაზიანებულია. ასევე 380-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი და 200-მდე სახელმწიფო ქონებაა დაზიანებული. მიუხედავად აღნიშნული ზარალისა სახელმწიფოს მხრიდან არის მზაობა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოყოფილია თანხები, ყველა ზარალი იქნება ანაზღაურებული. იქნება როგორც კომპენსაციები, ასევე რიგ შემთხვევებში თუ საჭირო გახდება მოხდება მთლიანი აღდგენა დაზიანებული სახურავების. ამ ეტაპზე სამივე რეგიონში ზარალის ოდენობამ შეადგინა 20 მილიონამდე ლარი. ჩვენი ვალდებულებაა ეს ზარალი აღმოვფხვრათ. არის რამოდენიმე სახლი ,რომელშიც საცხოვრებლად საშიშია, მუნიციპალიტეტებმა მოსახლეობა დროებითი ქირით გადაიყვანა, მანამ სანამ არ მოხდება მათი აღდგენა”, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

 

სამეგრელოს შვიდ მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა - მათ შორის სახურავი დაუზიანდა 2839 კერძო საცხოვრებელ სახლს და 93 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს. ძლიერმა ქარმა სხვადასხვა დაზიანება მიაყენა 37 საჯარო სკოლას, 16 საბავშო ბაღს, 11 ადმინისტრაციულ შენობასა და 2 ამბულატორიას.

 

„ეს დღეები მიმდინარეობდა ზარალის დათვლა, დღეისათვის შესაძლებელია ითქვას ზარალის 90% დათვლილია, ვიცით თანხის ოდენობა. სამუშაო თათბირზე დავსახეთ შესაბამისი გეგმები და ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ შედეგების ლიკვიდირება. შესაბამისად სამუშაოები უნდა განხორციელდეს სწრაფად და ეფექტურად , რათა მოსახლეობა იყოს მშვიდად. სამეგრელოში დაახლოებით 2840-მდე კერძო სახლია დაზიანებული, 93 საცხოვრებელი კორპუსი, დანარჩენი სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა ყველგან ყველაფერი აღდგენილია, რისთვისაც მადლობას ვუხდი შესაბამის სამსახურებს, ასევე მადლობაა ვუხდი ცენტრალურ ხელისუფლებას იმ მხარდაჭერისათვის და სწრაფი რეაგირებისთვის, რომელსაც ამ დღეებში ვგრძნობდით“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

 

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მსგავსი სახის შეხვედრები უკვე გამართეს იმერეთსა და გურიაში.

 

„ყველაფერი გარკვეულია, ორი დღეა შეხვედრები მიმდინარეობს რეგიონებში, შევთანხმდით პროცედურულ ნაწილზე, დაფინანსებაზე რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ რამოდენიმე დღეში დაიწყება სამუშაოები, კომპენსაციების გაცემა. მინდა აქაც ავღნიშნო მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციების ძალიან სერიოზული ნამუშევარი, სწორი მენეჯმენტი, სწორი რეაგირება ყველაფერზე და ამის ეფექტიც გამოჩნდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ცენტრალური ხელისუფლება მათ გვერდთაა, სწორედ პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიმყოფებით რეგიონებში“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.

 

სტიქიამ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში 67 საჯარო სკოლა დააზიანა. სტიქიისგან მიღებული დაზიანებების გამო, მხოლოდ 7 სკოლაში ვერ განახლდება 16 იანვარს სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით. აღნიშნული სკოლები სწავლას დისტანციურ ფორმატში განაახლებენ. დანარჩენ 60 სკოლაში კი სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი