logo_geo
უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან იწყება
- +

24 მარტი. 2023. 15:13

 

 

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი უკვე საქართველოშია. ტურნირის მთავარი სიმბოლო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. დღეიდან, უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიება 26 მარტს ბათუმში, ერას მოედანზე გაიმართება.

 

26 მარტს, თასი ბათუმის ქუჩებს „კოკა-კოლას“ ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოივლის და ბათუმის ევროპის მოედანს მიადგება, სადაც მასპინძელ ქალაქში თასის შემოტანის საზეიმო ცერემონიასთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერლები და ბენდები, მათ შორის, ნუცა ბუზალაძე, სალიო, ანსამბლი „შვიდკაცა“, სოფო ხალვაში და სხვადასხვა ადგილობრივი ბენდი. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა.

 

ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს მოედანზე ტურნირის ელჩი - ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი  და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი შემოიტანს.

 

საქართველოს მასშტაბით თასი ტურნირის ადგილობრივი სპონსორის, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ჯადოსნური ქარავნით იმოგზაურებს.

 

ბათუმის შემდეგ, თასი მესტიაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, 2 მაისს, ტურნირის კიდევ ერთ მასპინძელს, ქუთაისს ესტუმრება. ქუთაისიდან მოგზაურობა ამბროლაურსა და ყაზბეგში გაგრძელდება. თასის ბოლო გაჩერება კი, ჩემპიონატის მასპინძელ თბილისში იქნება.

 

გულშემატკივრებს და ნებისმიერ მსურველს სამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც მიეცემათ.

 

შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

 

პირდაპირი ეთერი - 19:30 საათი, აჭარის ტელევიზია;

 

ღონისძიების დასაწყისი: 26 მარტი, 19:00 საათი, თასის შემოსვლა 20:00 საათი;

 

მისამართი: ბათუმი, ევროპის მოედანი.

 

 

big_banner
არქივი