logo_geo
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა რეფორმების შემდგომ განვითარებას ხელს უწყობს
- +

21 დეკემბერი. 2018. 15:24

 

„Forbes“-ის რეიტინგი კარგი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ბიზნესგარემო ყოველწლიურად უმჯობესდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნული საერთაშორისო გამოცემის მიერ მსოფლიოში ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგის კომენტირებისას.

 

ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ „ფორბსი“ მსოფლიოში ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2018 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 8 საფეხურით გაუმჯობესდა და 44-ე ადგილი შეადგინა.

 

რეიტინგი ქვეყნებს 10 კომპონენტი მიხედვით აფასებს. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით,  საქართველოს 4 კომპონენტში წამყვანი პოზიციები უკავია, მათ შორის როგორიცაა, ინვესტორების დაცვა, ბიუროკრატია, ვაჭრობის თავისუფლება და საგადასახადო წნეხი.

 

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს პოზიცია საუკეთესოა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, გარდა ბალტიის ქვეყნებისა. მისი თქმით, „აღნიშნული რეიტინგი შედეგია იმ რეფორმებისა, რომელთაც საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს. საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რასაც თავის მხრივ პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე“.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებები, რომლის თანახმადაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, გაზრდის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და მიმართული იქნება ინკლუზიურ ზრდის უზრუნველყოფისკენ.

 

რაც შეეხება უშუალო მეზობლებს, “Forbes”-ის რეიტინგში ყველაზე საუკეთესო პოზიცია აქვს რუსეთს (55 ადგილი), თურქეთს (57 ადგილი), ყაზახეთს (65 ადგილი), აზერბაიჯანს (70-ე ადგილი) და სომხეთს (81 ადგილი).

 

აღსანიშნავია, რომ „Forbes“-ის რეიტინგის მეთოდოლოგია, თავის მხრივ, ეყრდნობა ისეთ ცნობილ კვლევებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთება“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი“, Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“, საერთაშორისო გამჭვირვალობა „კორუფციის აღქმის ინდექსი“, Freedom House’s „მსოფლიო თავისუფლება“, Property Rights Alliance’s „საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსი“, UN „ადამიანური განვითარების ინდექსი“ და The CIA’s World Factbook.

 

 

big_banner
არქივი