logo_geo
ნათია თურნავა: სამწლიანი გაზიფიცირების პროგრამის შედეგად იმერეთში გაზს დამატებით 60-მდე სოფელი მიიღებს
- +

29 ოქტომბერი. 2019. 14:07

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ამ სოფელს ბუნებრივი აირი არასდროს მიეწოდებოდა.

 

მინისტრმა სოფლის მოსახლეობას პირადად გააცნო სამუშაოების მიმდინარეობის დეტალები და აღნიშნა, რომ გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში მხოლოდ იმერეთის რეგიონში 9 ათასამდე ოჯახის გაზიფიცირება მოხდება.

 

ამასთან, მინისტრმა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა მათ წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები. ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე, აგრეთვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე, რომელთა გამოყენებაც მიკრო და მცირე მეწარმეებსაც შეუძლიათ. მინისტრის განცხადებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ბუნებრივ აირს უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე მიიღებენ. მისი თქმით, გაზიფიცირება დამატებითი შესაძლებლობაა ამ სოფლების მცხოვრებლებისთვის, რათა მათ მცირე ბიზნესი განავითარონ, მათ შორის, გახსნან საოჯახო სასტუმროები და სხვა ობიექტები. 

 

„ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ გაზიფიცირებას მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწლიანი გეგმის ფარგლებში დამტკიცებული იყო 226 დასახლებული პუნქტი, მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობისას, მოვახერხეთ დაფინანსების მოძიება და შედეგად 300-მდე დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. მათ შორის, იმერეთის მხარეში 60-მდე დასახლებული პუნქტი. მათ შორისაა პატარა სოფლები, როგორიცაა ტაბაკინი, ზედა კლდეეთი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

გაზიფიცირების 3-წლიან გეგმაში ცოტა ხნის წინ ცვლილება შევიდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით 96 დასახლებული პუნქტით -  295-მდე გაიზარდა იმ დასახლებულ პუნქტთა რაოდენობა, სადაც სამი წლის განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება.

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აწარმოებს. ამავე პროექტში ასევე შედის სოფლები: ქვედა კლდეეთი, ტაბაკინი და თვრინი. ჯამურად, ოთხივე სოფელში 900 აბონენტს მიეცემა ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება (ტაბაკინი 354 აბონენტი; ზედა კლდეეთი - 200 აბონენტი, ქვედა კლდეეთი - 216 აბონენტი, თვრინი - 92 აბონენტი). პროექტს კომპანია „გაზკონტრაქტი“ ახორციელებს.

 

მიმდინარე სამუშაოები 2020 წლის მარტში დასრულდება, პროექტის ჯამური ღირებულება 2 079 919  ლარს შეადგენს.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ შალამბერიძე და გაზიფიცირების სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი