logo_geo
ქართული თაფლის ევროპული პერსპექტივა: „კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე“
- +

14 ნოემბერი. 2019. 22:16

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თაფლის წარმოებაში ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტების შესახებ ქართველი მეწარმეების ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდა დოკუმენტი  „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“.

სახელმძღვანელო გერმანელმა  ექსპერტებმა შეიმუშავეს და პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება. მასში შესულია რეკომენდაციები საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების სრული ჯაჭვის უზრუნველყოფისა და ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.  

 

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი,  ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორი კატია კამერერი ესწრებოდნენ.

 

როგორც ხატია წილოსანმა განაცხადა, სამინისტრო ატარებს აქტიურ ღონისძიებებს  ქართული  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის თაფლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.

 

მისივე თქმით, ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც დაეხმარება მეფუტკრეობის სფეროში დასაქმებულ ფერმერებს აწარმოონ უვნებელი და ხარისხიანი პროდუქცია და დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები.

ევროკავშირის მიერ ქართული თაფლის კონტროლის აღიარება, შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს გაიტანონ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში უდიდეს, 500 მილიონიან ბაზარზე. ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებით,  ქართულ პროდუქციას გზას ეხსნება მსოფლიოს მრავალი ქვეყანის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მიღებულ შემოსავლებს და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

 

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართული გამორჩეული და ხარისხიანი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას და ვაჭრობის ხელშეწყობას.

 

მჯერა, რომ ეს არის სწორი გზა ქართული პროდუქციისთვის, კონკრეტულად კი, თაფლისთვის. მნიშვნელოვანი გამოწვევაა სტანდარტების დაცვას უკავშირდებოდა, თუმცა ბევრი მიმართულებით გამოწვევები დაძლეულია.  იმედი მაქვს, რომ ბრენდი TAPLI და ზოგადად, ქართული თაფლი იპოვის თავის ნიშას, დელიკატესების ნიშას და კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე“,  - აღნიშნა  კარლ ჰარცელმა.

 

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორის, კატია კამერერის თქმით, ამ პროცესის შედეგია, ევროკავშირის ბაზარზე ქართული პრემიუმ კლასის თაფლის პირველ ექსპორტი. დამტკიცდა, რომ ქართული თაფლი კონკურენტუნარიანი  და ევროკავშირის ბაზარზე მეწარმეებისთვის მიმზიდველ ფასად იყიდება.  

 

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორში დასაქმებული მეწარმეები ესწრებოდნენ.

 

„სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“  შემუშავდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს(BMZ)  სახელით ახორციელებს.

 

ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)  შესაბამისად, ქართველ მეწარმეებს საშუალება აქვთ 500 მილიონიან ევროპულ ბაზარზე თაფლის ექსპორტი განახორციელონ. გამომდინარე იქიდან, რომ  პროდუქციის ხარისხის შესაბამისობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან, ასევე  თაფლის წარმოების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების არ არსებობა, კვლავ გამოწვევად რჩება, მნიშვნელოვანია მეწარმეთათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და ევროკავშირში თაფლის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

 

პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში,  საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობა უკვე 3 წელია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ე.წ. „ქოლგა ბრენდი“ - TAPLI, რომლის მიზანი ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლის ევროპულ ბაზარზე წარდგენაა. ამ ეტაპზე, ბრენდი აერთიანებს  იმ საწარმოებს, რომლებიც ხარისხიანი პროდუქტის წარმოების ყველა სტანდარტი დააკმაყოფილეს. წელს, ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“,  ბრენდმა TAPLI პირველად წარადგინა ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლი. 

 

 

big_banner
არქივი