logo_geo
დასაქმების ფორუმზე, 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა
- +

4 დეკემბერი. 2019. 02:09

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამართულ შშმ პირთა დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. პირველ ეტაპზე შეირჩა 47 შშმ პირი.

 

ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა -მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოს რეგიონში შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით აღინიშნოს, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაუწევს.

 

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია რეგიონების განვითარება და ვიცით, რომ რეგიონში კიდევ უფრო რთულად დგას შშმ პირთა დასაქმების საკითხი, მიმაჩნია, რომ ეს პროცესი მთელს ქვეყანაში უნდა გაიშალოს. მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღვნიშნოთ შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით", - განაცხადა ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, დასაქმების დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ბოლომდე არ არის მიყვანილი საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესი.

 

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, რადგან მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად ვსაუბრობდეთ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე და ამ პროცესში ყველა არ იყოს ჩართული, ყველას პოტენციალი არ იყოს თანაბრად გამოყენებული, რადგან ჩვენი ქვეყანა  მდიდარია ადამიანური რესურსით. საუბარია სწორედ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა უნარების გამოყენებასა და მათ დასაქმებაზე. ამ პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მოვალეობაა.

 

ასეთი მასშტაბური საქმე კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა მასში ყველა სექტორი მონაწილეობს და ერთობლივად მუშაობს სტრატეგიაზე.

 

დღევანდელ ფორუმში 22 კომპანია მონაწილეობს და მინდა მადლობა გადავუხადო დასაქმების ფორუმში მონაწილე კერძო სექტორის ყველა ამ კომპანიასა და სახელმწიფო უწყებას.

 

დღევანდელ ფორუმს ბევრი სხვა ნაბიჯი უნდა მოჰყვეს, პროცესში მეტი კომპანია ჩაერთოს და მეტი ადამიანი დასაქმდეს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

დასაქმების ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ.

 

ფორუმში მონაწილეობდა 22 კომპანია, მათ შორის: საქართველოს რკინიგზა, ვიქტორია სექიურითი, აჭარა ჯგუფი, TBC დაზღვევა გეფა, არტ ვუდი, გუდვილი, ეკო ენდ კომპანია, ჯეოპროდუქტი, იკეა, გოჩიტსი, UGT, თბილსერვისი, დიო და სოციალური საწარმოები: კოდალა, ახალგაზრდული სახლი, ბაბალე, შშმ პირთა დასაქმების კავშირი.

 

 

 

 

big_banner
არქივი