logo_geo
დავით ნარმანია: ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის
- +

13 დეკემბერი. 2019. 23:41

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

 

მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს სავალუტო კურსთა შორის სხვაობის დაბალანსების მექანიზმი, რომ კურსის რყევამ გაზის ტარიფებზე გავლენა არ მოახდინოს. 

 

ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ეროვნული ვალუტის კურსის რყევის ფონზე ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფების დადგენის საკითხი განიხილეს.

 

ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივ აირზე ამჟამად დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა 31 დეკემბერს ეწურება, ამიტომ მიმდინარე ეტაპზე სემეკ-ი აქტიურად სწავლობს გაზის მიმწოდებელი და გამანაწილებელი კომპანიების მიერ წარდგენილ საინვესტიციო გეგმებს, რომლის საფუძველზეც მარეგულირებელი კომისია ტარიფს ადგენს.

 

სემეკ-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ტარიფის დადგენისას დიდი მნიშვნელობა სამ კომპონენტს ენიჭება, როგორიცაა ენერგოკომპანიების მომავალი წლის საინვესტიციო გეგმა, ვალუტის კურსი და საოპერაციო ხარჯები.

 

ინვესტიციების მოცულობა დიდწილად სისტემის გამართვას ემსახურება. კერძოდ, გაზგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებას, მრიცხველების გამართვას, რაც გაზის ხარისხიან და სტაბილურ მიწოდებასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ვსწავლობთ კომპანიების განაცხადებს, ამაზე დაყრდნობით ვწურავთ წინადადებებს და საბაზრო ფასებით ვამტკიცებთ წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმებს. ასევე, ვსწავლობთ პროექტების მიზანშეწონილობას და თუ პროექტი მიზანშეუწონელია, არ ვითანხმებთ. ასე რომ, ერთია, კომპანიები რას წარმოადგენენ და მეორე, ჩვენ რას ვამტკიცებთ“, – განაცხადა ნარმანიამ.

 

რაც შეეხება პროგნოზს, თუ რამდენად მოსალოდნელია ლარის გაუფასურების ფონზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სემეკ-ის თავმჯდომარის მოსაზრებით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა ტარიფის ზრდის საფუძველს არ იძლევა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი