ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამის დასტურად ვიტყვი, რომ უკვე 50-მდე მილიონი ლარი შემოსავალია მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტში პრექტ „შეთავაზება ბიზნესის“ პროგრამიდან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტის დაწყების მომენტიდან, მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა და ინტერესი და ჩვენ გასული წელი, პრივატიზების კუთხით, ორმაგი გადაჭარბებით დავასრულეთ. რაც კი ჩვენ ბიუჯეტში გვქონდა ჩადებული შემოსავლების პრივატიზებიდან, ამ პროგრამის ამოქმედების მომენტიდან წლის ბოლო თვეებში მოხერხდა ის, რომ ორჯერ გადაჭარბდა ეს მაჩვენებელი.
აქედან გამომდინარე, პრემიერმინისტრთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაფართოვოთ პროგრამა“, - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ამ ახალი პროგრამის ფარგლებში 1800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
დღეს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზების 100 პროექტს შესთავაზებს.