logo_geo
ნათია თურნავა: ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად არის დაზარალებული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მეტი დახმარების ობიექტია
- +

3 დეკემბერი. 2020. 02:45

 

 

„100%-ით ვერც ერთი სოციალური პაკეტი ვერ გაანეიტრალებს იმ ნეგატიურ შედეგს, რაც პანდემიას მოაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის მტკივნეული მომენტები დავაბალანსოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ნებისმიერი საქმიანობის შეზღუდვა იწვევს ნეგატიურ ზემოქმედებას იმ მცირე ბიზნესსა და ოჯახებზე, ვინც ჩართული არიან ამ საქმიანობაში.

 

 

„ნებისმიერი საქმიანობის შეზღუდვა იწვევს ნეგატიურ ზემოქმედებას იმ მცირე ბიზნესსა და ოჯახებზე, ვინც ჩართული არიან ამ საქმიანობაში, განსაკუთრებით ტურიზმში, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს აგენერირებს და ძალიან ბევრის შემომტანი იყო ეკონომიკაში, მაგრამ ზამთრის კურორტები ევროპაშიც მიჩნეულია ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთ რისკის მატარებელ ფაქტორად და აქედან გამომდინარე, ევროპულმა სახელმწიფოებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც არ არის მარტივი და ზამთრის სეზონს, არ ჩაატარებენ.

 

 

 ისიც მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში პანდემია აზარალებს ეკონომიკას, სასტუმრობს, სარესტორნო ბიზნესს, სავაჭრო ბიზნესს. სულ რომ არ მიგვემართა შემზღუდავი ღონისძიებებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი, იქნებოდა უპასუხისმგებლობა და ჩვენ ამას არ დავუშვებდით, მაგრამ რომ არ დაგვეწესებინა შეზღუდვა, სრულფასოვან ზამთრის სეზონს ვერც ერთი ჩვენი კურორტი ვერ ჩაატარებდა.

 

 

 როდესაც გავრცელება არის იმ დონეზე, რა დონეზეც არის, სულ მოკლე დროში ცენტრი გადაინაცვლებდა ჩვენ ზამთრის კურორტებში. რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა სრულფასოვანი სეზონის ჩატარება.

 

 

 

ამიტომ მივიღეთ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობა ჩვენი ეპიდემიოლოგებისა და ექიმების რეკომენდაციებსა და მოთხოვნას. დროებით შევზღუდეთ კურორტების საქმიანობა, მაგრამ თითოეული ასეთი გადაწყვეტილება მაქსიმალურად არის დაბალანსებული სოციალური დახმარების პაკეტით. 100%-ით ვერც ერთი სოციალური პაკეტი ვერ გაანეიტრალებს იმ ნეგატიურ შედეგს, რაც პანდემიას მოაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის მტკივნეული მომენტები დავაბალანსოთ. ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად არის დაზარალებული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მეტი დახმარების ობიექტია“, - განაცხადა ნათია თურნავამ „იმედის“ ეთერში.

 

 

 

 

big_banner
არქივი