logo_geo
„თუ არ გჭირდებათ, არ გადაახურდავოთ ვალუტა“ - ფინანსისტის რჩევა
- +

5 ივნისი. 2021. 12:07

 

 

ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს. 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსის ცვლილებამ 7.33 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0791 ლარი გახდა. ეს მთელი 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა, მეტიც, 2020 წლის 4 სექტემბრის შემდგომ ერთი დოლარის ფასი ასეთი დაბალი არ ყოფილა. მთელი დღის განმავლობაში Bloomberg-ის სისტემაში ლარი მკვეთრად მყარდებოდა და 12:00-ისთვის ის 3.04-მდეც შემცირდა, თუმცა როგორც ირკვევა, ამ გარიგებების საშუალო კურსი 3.0791იყო, შესაბამისად, ოფიციალური კურსიც ამ მაჩვენებელზეა. არ არის გამორიცხული ასეთი მკვეთრი გამყარება ბაზარზე განხორციელებულ რომელიმე მსხვილ ტრანზაქციას გამოეწვია. სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 11.5 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7276 ლარი გახდა.

 

ეკონომისტები ლარის გამყარებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. მათ შორისაა, შეცვლილი მოლოდინები, მაკროფაქტორები, სავალუტო დაკრედიტების გააქტიურება და ა.შ.

 

bm.ge-ის კითხვაზე - ამ სიტუაციაში რამდენად სწორია მთავრობის ეკონომიკური გუნდის და საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტის დუმილი და ეროვნული ვალუტის "ამოუხსნელი გამყარების" ტრენდი, მათ შორის ე.წ. აჟიოტაჟური ქცევითაც ხომ არაა განპირობებული, ფინანსისტი ირაკლი ერაძე აცხადებს, რომ ახლა მოქალაქეებისა თუ ბიზნესოპერატორებისთვის საუკეთესო რჩევა სწორედ ის იქნებოდა, რომ არ აჰყვნენ აჟიოტაჟურ ქცევებს და გაყიდონ ან იყიდონ მხოლოდ იმ მოცულობის ვალუტა, რამდენიც მოცემულ მომენტში სჭირდებათ.

 

„ოფიციალური პირების მხრიდან დუმილი რაღაც მომენტში აჟიოტაჟურ ქცევას იწვევს; ასეთ დროს ცენტრალური ბანკის და შესაბამისი უწყებების მხრიდან ერთადერთი სწორი რჩევა იქნება, რომ კომპანიებმა თუ მოქალაქეებმა უცხოური ვალუტა იყიდონ და გაყიდონ მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დროს, როცა ეს მათ სჭირდებათ. სხვანაირად კურსზე „გამოკიდება“, ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე. აჟიოტაჟს აქვს გადაცემის ეფექტი, ერთიდან მეორეზე და ა.შ. ასეთ მოწოდებას თუ განცხადებას სწორ რჩევად ჩავთვლიდი ეროვნული ბანკისა თუ მთავრობის მხრიდან, მაგრამ ახლა ეროვნულმა ბანკმა რომ დაიწყოს ამ პროცესი ტერმინოლოგიით ახსნა, ამას შეიძლება უკურეაქცია ჰქონდეს. ამდენად, ერთადერთ სწორ რჩევად მიმაჩნია მოწოდება - „თუ არ გჭირდება, არ გადაახურდავო“, - ამბობს ერაძე.

 

ავტორი: ინგა მურუსიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი