logo_geo
რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო კონფერენციაზე - SPIREC 2023 მოხსენება გააკეთა
- +

21 თებერვალი. 2023. 20:19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო განახლებადი ენერგიის საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც წელს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა. ღონისძიება ესპანეთის მთავრობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელის 21-ე საუკუნისთვის (REN 21) ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები. მომხსენებლებს შორის იყვნენ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი, ნიდერლანდების ენერგეტიკის მინისტრი რობ ჯეტენი, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) გენერალური დირექტორი ფრანჩესკო ლა კამერა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელის 21-ე საუკუნისთვის (REN 21) პრეზიდენტი არტუროს ზერვოსი. რომეო მიქაუტაძემ მოხსენება გააკეთა პანელური დისკუსიის სესიაზე, რომელზეც განხილული იყო განახლებადი ენერგიის მნიშვნელობა სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესში.

თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს გამოცდილებებზე დაყრდნობით ისეთ გლობალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორებიცაა განახლებად ენერგიაზე დაფუძნებულ წარმოებაზე გადასვლის პროცესში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, საერთაშორისო ფინანსური რესურსების მობილიზების მნიშვნელობა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის და სუფთა ენერგიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

რომეო მიქაუტაძემ ხაზი გაუსვა ადგილობრივი განახლებადი ენერგიის რესურსების მაქსიმალური ათვისების მნიშვნელობას ენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაციის პროცესში. მან დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების ახლადამოქმედებული მხარდაჭერის სქემის - აუქციონის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, ახალი მხარდაჭერის მექანიზმი ინვესტიციების მოზიდვასა და სექტორში ახალი პროექტების განხორციელებაში სასიცოცხლოდ აუცილებელ როლს შეასრულებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მიერ დაწყებულ „მწვანე ზრდის სტრატეგიის“ შემუშავების პროცესზე.

big_banner
არქივი