logo_geo
გურულივით წესიერი...
- +

6 იანვარი. 2018. 10:28



გია გურულზე საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ქართველი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია. ლეგენდარული „დინამო" და სსრკ-ის ჩემპიონატი, დამოუკიდებელი პირველობისა  და ეროვნული ნაკრების გარიჟრაჟი, წარმატებული წლები ევროპაში, მუშაობა ეროვნულ გუნდში და კლუბებში... ამას ისიც დაუმატეთ, რომ უწესიერესი კაცი და საინტერესოდ მოუბარია. ჰოდა, აბა, ციცქნა ინტერვიუ როგორ გამოგვივიდოდა?!

მოდი, დინამოში" პირველი ვარჯიშით დავიწყოთ, როცა მოედანზე ლამის საფეხბურთო ღმერთებთან ერთად გახვედი.

- გაგიკვირდება და თითქმის არაფერი მახსოვს. ფეხბურთს რვა წლიდან ვთამაშობდი. გავიდა ცხრა წელიწადი, სკოლა დავამთავრე და დამიძახეს გუნდში, რომელმაც ერთი თვით ადრე ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. ცოცხალ ლეგენდებთან ერთად გადიხარ ყველა ქართველისთვის სალოცავ მიწაზე (დიღმის ბაზაზე) და ამ ხალხს სულ ახლოდან ხედავ. არც ვახშამი მახსოვს და იმ ღამით ძილზე ხომ საუბარიც ზედმეტია.




- პირველი გოლი თუ გახსოვს?

- ძირითად შემადგენლობაში პირველად 1983 წელს გავიტანე. საოცრება იყო - უბედნიერესი კაცი ვიყავი.

- „დინამოში" ბევრი წელი და გოლი დაგიგროვდა. მერე სსრკ-ის ჩემპიონატს გამოვეყავით. რას გრძნობდით მაშინ?

- 1990 წლის სეზონისთვის სერიოზულად ვემზადებოდით დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით, რომელმაც კონსულტანტად კონსტანტინ ბესკოვი მოიწვია. შეკრება ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი გერმანიაში გავიარეთ. ბოლო საკონტროლო შეხვედრა პარიზში ალჟირის ნაკრებთან გვქონდა და 2:1 მოვიგეთ. ეს ის ალჟირი იყო, იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანია რომ დაამარცხა. კარგ ფორმაში ვიყავით და პირველ ტურში კიევის „დინამოსთან" მატჩისთვის ვემზადებოდით, როცა ბოლო შეკრებაზე, ლესელიძეში გაირკვა ყველაფერი. რას ვგრძნობდი? ვხვდებოდი, რომ ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ამას სიამაყეც ახლდა, რომ არავისზე არ ვიქნებოდით დამოკიდებულნი. პირველი ეროვნული ჩემპიონატი არაჩვეულებრივი გამოვიდა და მეამაყება, რომ მონაწილე ვიყავი.

- მერე იყო პოლონური გკს კატოვიცე"...

- 1990 დეკემბერში პოლონელებმა მენისკმტკივანი წამიყვანეს და ოპერაცია გამიკეთეს. თებერვალში თოვლზე ამხანაგური თამაშისას იგივე ფეხი დავიზიანე. არადა, კონტრაქტი ჯერ არ მქონდა გაფორმებული. კლუბის პრეზიდენტმა დამიბარა და მკითხა, გია, რა ვქნათო. რა უნდა მეთქვა - კაცი საკუთარი ჯიბიდან მიხდიდა თვეში 1000 დოლარს. ბოლოს მეუბნება, მჯერა შენიო და კონტრაქტს დებს მაგიდაზე. ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე თარჯიმანმა დამამშვიდა, ნუ გეშინია, პირობები იგივეაო. სამი თვის მერეღა დავიწყე სირბილი. სეზონის ბოლოს რამდენიმე მატჩში მოვასწარი მონაწილეობა. აქედან ერთი პოლონეთის თასის ფინალი იყო, რომელიც მოვიგეთ.




- ამას კი წარმატებული სეზონი მოჰყვა...

- ახალი სეზონიდან ყველაფერი გავაკეთე, რომ კლუბისთვის და პირადად პრეზიდენტისთვის მადლობა გადამეხადა. კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი მქონდა. კლუბმა საუკუნის საუკეთესო თერთმეტეულში და საუკუნის საუკეთესო უცხოელად დამასახელა. ახლახან გავიგე, რომ პოლონეთში ლიგის ყველა დროის ტოპ 10 ლეგიონერს შორის დავუსახელებივარ...

- შემდეგ კი საფრანგეთში გადაბარგდი, სადაც პირველივე სეზონში 9 გოლი გაიტანე.

- 1992 წლის ივნისში პოლონეთში სეზონი დასრულდა და „ლე ავრში" გადავედი, რომელთანაც ორი თვით ადრე უკვე გაფორმებული მქონდა კონტრაქტი. კარგი სეზონი მქონდა. დასრულების შემდეგ არსენ ვენგერის „მონაკო", „მარსელი" და „ლანსი" მიწვევდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, კლუბები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. მაშინ ფრანგული ლიგა ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თავად განსაჯეთ, ვის წინააღმდეგ მიწევდა თამაში:  ზიდანი, ჟინოლა, რაი, ვეა, შიფო, კლინსმანი, ფიოლერი, დესაი, ბარტეზი, ლამა, ბლანი, ბურუჩაგა...  უფრო მეტი თუ შემეძლო? ალბათ კი, თუ ცოტა ადრე წავიდოდი ევროპაში. ვთქვათ, 1987 წლის ბოლოს, როცა საამისოდ უკვე მომწიფებული ვიყავი.

- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. გული არ გწყდება, გერმანიასთან, ინგლისთან, იტალიასთან რომ ვერ ითამაშე?

- სანაკრებო სიამაყედ ის მაქვს, რომ პირველი გოლის ავტორი ვარ. თანაც, მე და სანდრო პირველი მამა-შვილი ვართ, ვისაც ნაკრებში გოლი გაუტანია (მე პირველი და სანდრომ ასორმოცდამეათე). გული მწყდება, რომ 1994 წელს ნაკრებს ვეღარ დავეხმარე. უკვე 30 წლის ვიყავი, ნაკრებში კი 1964 და 1981 წლების შემდეგ ყველაზე ნიჭიერი თაობა მოვიდა. თავად ვთხოვე ახალკაცს, აღარ დამიძახოთ მეთქი. მითხრა, ნუ აჩქარდებიო, მაგრამ აღარ გადავთქვი.


- ალენ ჟირესთან ერთად ერთი ციკლი ეროვნულ ნაკრებშიც იმუშავე. რა და რატომ არ გამოგვივიდა?

- ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იყო. გუნდში კარგი ფეხბურთელები გვყავდა ევროპული გამოცდილებით, მაგრამ, ჩემი აზრით, სულ 4-5 იყო ჩამოყალიბებული პროფესიონალი, ყველა მატჩისთვის მაქსიმალურად რომ ემზადებოდნენ. ციკლი კარგად დავიწყეთ, მაგრამ უკრაინასთან არწასაგები თამაშის წაგებამ ცოტა გაგვტეხა. მერე საშინაო მარცხები იყო საბერძნეთთან და თურქეთთან, რასაც უფრო პოლიტიკას ვაბრალებ. ამ თამაშებამდე მერაბ ჟორდანია დაიჭირეს, რომელსაც სპორტის მინისტრთან მოუვიდა კონფლიქტი. მისგან გადადგომას ითხოვდნენ. თითქოს გუნდიც ორად გაიყო. ამ ყველაფრის ფონზე ბერძნებთან მოგებული თამაში ორ წუთში წავაგეთ. თურქებთან კაკო დევაძემ უმძიმესი ტრავმა მიიღო, ხიზანეიშვილმა კი ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა. გული მწყდება, რომ გარეშე მიზეზებმა წყალში ჩაგვიყარა ამდენი შრომა.

 - ქართულ კლუბებში საკმაოდ იმუშავე. რა პლუსები და რა მინუსები გვაქვს?

- მთავარი პრობლემა პროფესიონალიზმის დეფიციტია. ერთი-ორის გამოკლებით, თავად კლუბებშიც არ მუშაობენ პროფესიონალები და ფეხბურთელს როგორ მოსთხოვონ?! ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულან, რომ ამ საქმისთვის მზად არ არიან და ეგებ, სადმე სხვაგან ეცადათ ბედი?! ერთხელ ისიც კი მითხრეს, ზედმეტად ითხოვ დისციპლინასო. მწარედ გამეცინა...

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ჯერ არაფერი იმის გარდა, რომ ფედერაციის ბაზაზე სამწვრთნელო კურსებს გავდივარ, რომელშიც უცხოელი კოლეგებიც მონაწილეობენ. იმედია, სამომავლოდ გამოჩნდება გუნდი, რომელშიც ზემოთ ნახსენები პრობლემები ნაკლები იქნება.




https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2018/01/gia-208x300.jpg- ერთი ხანობა საფრანგეში ბიზნესიც გქონდა. აღარ აპირებ ამ სფეროში დაბრუნებას?

- 6 წელი მქონდა საფრანგეთში თევზის ბიზნესი და არცთუ ცუდად მიდიოდა, მაგრამ 2004 წელს ჟირესმა ერთად მუშაობა რომ შემომთავაზა, დაუფიქრებლად დავთმე. რაც გამაჩნია, ფეხბურთის წყალობაა და სანამ ფეხბურთს დავჭირდები, ვერ ვუღალატებ. თუ აღარ ვიქნები საჭირო, სხვა გზას მერე მოვნახავ.

- სანდრო რას აკეთებს?

- სანდრო ოჯახთან ერთად საფრანგეთში დაბრუნდა. ჩვენი ქალაქის გუნდისგან (III დივიზიონი) აქვს მიწვევა. საქართველოში უნდოდა კარიერის დასრულება, მაგრამ წინა სეზონოს ბოლოს ასე გადაწყვიტა.

- ამასობაში კი სარბიელი" ხელახლა დაიქოქა. 1990 წლიდან მოყოლებული უამრავჯერ ყოფილხარ ჩვენი გაზეთის სტუმარი...

- გასაკვირი კი იყო ასეთი პოპულარული გაზეთის დახურვა, მაგრამ კარგია, რომ აღდგა. წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს, ამის შემდეგ „სარბიელი" უწყვეტად იქნება ჩვენს გვერდით.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი