logo_geo
რუსეთის გუნდი ზამთრის ოლიმპიადაზე საკუთარი დროშის გარეშე გამოვა და რუსის გამარჯვების შემთხვევაშიც არ აჟღერდება ვარიაცია სსრკ-ის ჰიმნის თემაზე
- +

9 იანვარი. 2018. 13:25


ეს ყველაფერი არნახული მასშტაბის დოპინგსკანდალის გამოძახილია, რუსებს სოჭის ოლიმპიადაზე გუნდური პირველობის დაკარგვად რომ დაუჯდათ. თავად რუსებმა თემას უმალ პოლიტიკური სარჩული გამოაკერეს - მსოფლიო შეთქმულებას გვიწყობენო. მიკვირს, არც ერთ დასავლელ სპორტულ ფუნქციონერს ან ჟურნალისტს აზრადაც არ მოსვლია მარტივი და წონადი პასუხის გაცემა.


რეალურად პოლიტიკა იქამდე არნახული დოზით სპორტში სწორედ რუსეთმა შეიტანა 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ვლადიმირ პუტინმა თითოეული სპორტული მიღწევა ერის თვითშეფასების ამაღლების და პატრიოტიზმის გამოღვიძების ერთ-ერთ უებარ საშუალებად გამოაცხადა.

დიდი სპორტი სპეცსამსახურების ქოლგის ქვეშ მოექცა და რა გასაკვირია, თუ ეს სამსახურები მათი სპეცრაზმებისთვის შექმნილ „მილდონიუმს" („მილდრონატს") უშურველად უწილადებდნენ სპორტსმენებს. ამ თემით თავს არ შეგაწყენთ - ისედაც ხელის გულზე დევს. მსურს, მოკლედ შეგახსენოთ, როგორ წაართვეს პოლიტიკოსებმა სპორტსმენებს 1980 წლის მოსკოვის და 1984 წლის ლოს ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. რამდენიმე დეტალი ერთმა ყოფილმა სპორტულმა ჩონოვნიკმა გამიზიარა, თუმცა დღემდე არ დამიწერია.




ჩემი ნაცნობი ის ჩინოვნიკი 70-იანი წლებიდან სსრკ-ის სპორტკომიტეტში მუშაობდა და თუ მთლად ლეონიდ ბრეჟნევის კარის საიდუმლოებებს ვერ ფლობდა, სპორტული სამყაროს მითები, ჭორები და რეალობა სულ ზეპირად იცოდა...

ვინ დაბლოკა მოსკოვის ოლიმპიადა? სსრკ-მ, რომელმაც მოსკოვურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე ავღანეთში „შეზღუდული საჯარისო კონტინგენტი" შეიყვანა. დასავლეთის რეაქციამ არ დაახანა... 1980 წლის 20 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მოსკოვის ოლიმპიადას ოფიციალური ბოიკოტი გამოუცხადა. მალე ამ ბოიკოტს კიდევ 63 ქვეყანა შეუერთდა. ავღანეთი ერთია და, ამით აშშ საბჭოთა ეკონომიკასაც ანგრევდა, რომელსაც მონაწილეთა და გულშემატკივართა სახით უამრავი პოტენციური სპონსორი დააკლდა. საბჭოეთის 80 და გდრ-ის 47 ოქროს ვინ ჩივის?! ბულგარელთა 40-ზე და პოლონელთა 30-ზე მეტი ოლიმპიური მედალიც ზღაპარია... საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელი პრეზიდენტისგან, ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩისგან პირადად დაკერილი ესპანელებისთვის 1932 წლის შემდეგ ოლიმპიური ოქრო პირველი იყო, ზიმბაბესთვის კი დღემდე ერთადერთი, მაგრამ...




მოსკოვმა წყენა არ შეიმჩნია, თუმცა, შენელებული მოქმედების ნაღმი სპორტის ისტორიაში მაშინვე ჩადო... აშშ-მა სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა და ლოს-ანჯელესის ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე სსრკ-ს შემოუთვალა, თქვენი სპორტსმენების უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო. ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „საშინაო ოლიმპიადის" მოგება რონალდ რეიგანის ღირსების საქმეც იყო და რუსების ერთი ხელის დაკვრით მოშორება გადაწყვიტა...

ერთში შეცდნენ ამერიკელები - სსრკ-ის, გდრ-ის, ბულგარეთისა და კუბის გარეშე ჩატარებული ოლიმპიადით თავს ვერავის მოაწონებდნენ. არადა, მთელი სოცბანაკი მხარდამჭერი აფრიკული სეგმენტით გაქირზე დადგა. სსრკ-ის გენერალურ მდივან იური ანდროპოვის თანაშემწის ტელეფონზე იმავე ხუან ანტონიო სამარანჩმა დარეკა:




- მზად ვარ, მუხლებზე დავუდგე გენერალურ მდივანს, ოღონდ კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და საბჭოთა კავშირმა ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღონ.

ანდროპოვის პასუხი მოკლე იყო:

- არა!

ერთადერთი სოცქვეყანა, რომელმაც მოსკოვს უგანა, რუმინეთი აღმოჩნდა. ამერიკელებმა განსაკუთრებული პატივით მიიღეს მათი დელეგაცია, თითოეულ წევრს პირადი მცველი მიუჩინეს და ესეც არ იკმარეს: ყველა რუმინელისთვის სუფთა აბრეშუმის გამოსასვლელი კოსტიუმი ბრიტანეთში დაუკვეთეს...



 

 

ეს დეტალები იყო. ეგებ უმნიშვნელო, მაგრამ სპორტული სამყარო ორად კი გაიყო. ერთი ნაწილი, რომელიც ოლიმპიადის მიღმა აღმოჩნდა, დაკარგულ ოთხ წელს მისტიროდა. იყვნენ ისეთებიც, საკუთარ ოქროს - უმთავრეს მეტოქესთან ჭიდილის გარეშე მოგებულს სრულფასოვნად რომ არ თვლიდნენ. თუმცა, ეს მხოლოდ ლეგენდებს ხელეწიფებათ.

კარტერი, ბრეჟნევი, რეიგანი, ანდროპოვი, სამარანჩი... და არც ერთი სპორტსმენის გვარი. არადა, თითქოს ისტორია სპორტულია. პოლიტიკოსები ყოველთვის წყვეტდნენ სპორტსმენთა ბედს და თუ არ დამძრახავთ, ერთსაც ვიტყვი: ორგზის ოლიმპიურმა ოქროსმედალოსანმა ლევან თედიაშვილმა და სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვიქტორ სანეევმა მოსკოვური ოლიმპიადის ოქროები მხოლოდ ნაკლები მოტივაციის გამო დათმეს. პოლიტიკამ უკვე მაშინ დაიწყო სპორტში ხელის ფათური...

შედეგი? სპორტი, რომელმაც დიდი ხანია, ოლიმპიადის ფუძემდებელ კუბერტენს ზურგი აქცია...



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი