logo_geo
„ეს მატჩი უნდა წაგვეგო“ - თამაში, რომელსაც ისტორია ვერაფერს დააკლებს
- +

4 თებერვალი. 2018. 19:54

 

 

ფეხბურთს მდიდარი ისტორია აქვს და ის უამრავ დაუვიწყარ მატჩსა, თუ მომენტს ინახავს.


ქომაგთა უმრავლესობის აზრით, ისტორიაში საუკეთესო ტურნირი ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომელიც 1982 წელს ჩატარდა.


ტურნირზე პრაქტიკულად ყველა გრანდს უძლიერესი ნაკრები ჰყავდა და მატჩებიც წარმოუდგენლად თვალსასეირო გამოდგა.


ესპანეთის მუნდიალი საუკეთესოდ, რომ მიიჩნევა ამაზე უკვე მოგახსენეთ, თუმცა საუკეთესო ტურნირს თავისი საუკეთესო მატჩიც ჰქონდა, თუმცა ეს ფინალი არ გახლდათ.


1982 წლის 8 ივლისს, ევროპის დროით საღამოს 21:00 საათზე, სევილიაში „რამონ სანჩეს პისხუანის" სახელობის სტადიონზე შედგა შეხვედრა, რომელსაც დრო ნამდვილად ვერაფერს დააკლებს და ის დავიწყებას არასდროს მიეცემა. 70 ათასი გულშემატკივრის წინაშე, ერთმანეთს დასავლეთ გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.


ცნობილია, რომ სევილია ესპანეთის ყველაზე ცხელი მხარეა და ზაფხულში იქ თამაში წარმოუდგენლად რთულია, თუმცა ამ გარემოებამ ფეხბურთელებს ხელი ვერ შეუშალა.


ამ მატჩის შესახებ, მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ და ფეხბურთის ლეგენდამ მიშელ პლატინიმ, თავის წიგნში „ცხოვრება როგორც თამაში" შემდეგი რამ დაწერა: „ვისაც არ უნახავს შეხვედრა დასავლეთ გერმანიასა და საფრანგეთს შორის, მან არ იცის, თუ რა არის მსოფლიო ჩემპიონატი".


ძნელია, რომ პლატინის არ დავეთანხმოთ...


დასავლეთ გერმანიამ და საფრანგეთმაც მუნდიალი მარცხით დაიწყეს. გერმანელებმა სენსაციურად ალჟირთან 1-2 წააგეს, ხოლო საფრანგეთი ინგლისთან 1-3 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ნახევარფინალამდე ორივე მათგანი მივიდა.


ისტორიული ნახევარფინალის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. ანგარიში მე-17 წუთზე პიერ ლიტბარსკიმ გახსნა. ათი წუთის შემდეგ კი მიშელ პლატინიმ თერთმეტმეტრიანით წონასწორობა აღადგინა.


ფრანგები ჩვეულ ლამაზ, ელეგანტურ სტილში ბურთაობდნენ და მეტოქეზე კარგადაც გამოიყურებოდნენ.


დამატებით დროში საფრანგეთის ნაკრებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და ორი ბურთის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც ყველას ეგონა, რომ ისინი 99%-ით ფინალში იყვნენ, თუმცა...


ტრეზორისა (92) და ჟირესის (98) გოლების შემდეგ, თავად გერმანელებსაც აღარ სჯეროდათ, რომ შეხვედრას გადაარჩენდნენ.


თუ, რაც მოხდა დარჩენილ დროში, ამის შესახებ მატჩის მონაწილემ და გერმანული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ კარლ ჰაინც რუმენიგემ 2010 წელს ისაუბრა და ყველაფერი დეტალურად გაიხსენა: „1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი, რომელიც სევილიაში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გავმართეთ, ეს ნამდვილი თრილერი იყო.


ამ შეხვედრაში ფეხბურთის ქომაგმა ფაქტიურად ყველაფერი ნახა - ულამაზესი ფეხბურთი, დრამა, დაპირისპირება, მოხერხებულობა. ეს მატჩი უნდა წაგვეგო, ფრანგები მას დამსახურებულად იგებდნენ. დამატებითი ტაიმების ნახევარი უკვე გასული იყო და ისინი 3-1-ს გვამარცხებდნენ. უკვე აღარ გვჯეროდა, რომ მატჩის მოგებას მოვახერხებდით, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელი, შემდეგ კი ფიშერმა გაათანაბრა და თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვება მოვიპოვეთ.


მოვიგეთ, მაგრამ რეალურად იმ მატჩში მონაწილეობა არ უნდა მიმეღო, რადგან მუხლქვეშა მყესების ტრავმა მაწუხებდა და მწვრთნელმა თადარიგში დამტოვა. მეორე დამატებითი ტაიმის დროს იუპი იმედგაცრუებული იყო და მოედანზე შესვლის ნებართვა მომცა. ყველაფერი მეკარის ხელთათმანის დამსახურება იყო. რომ არა ის, თამაშს საერთოდ ვერ შევძლებდი. იგი ყინულებით გავავსეთ და მუხლზე მივიდე, სწორედ ასე შევძელი თამაში".



ასეთი მატჩის მოგების შემდეგ, დასავლეთ გერმანიამ ფინალი ზიკოსა და სოკრატესის ბრაზილიის მძლეველ იტალიასთან უშანსოდ 1-3 დათმო და შინ ვერცხლის მედლებით დაბრუნდა.


ვინ იცის, იქნებ იტალია-საფრანგეთის ფინალი გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი გამოსულიყო, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და მეტი არაფერი.


ისტორიაში 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოქროს ასოებითაა შესული. დღემდე, ვინც ამ ტურნირს იხსენებს, ვისაც იგი ცოცხლად აქვს ნანახი, მათ თვალებში კვლავ ის სიხარული და აღტაცება ჩანს, რომელიც 36 წლის წინ იყო.


ადამიანს სამუდამოდ ცხოვრება არ შეუძლია, თუმცა მას ძალუძს შექმნას ისეთი რამ, რაც დროს გაუძლებს და ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. მათ რიცხვს მიეკუთვნება ფეხბურთიც.


ფეხბურთი დიდებული თამაშია, იგი მილიონობით ადამიანს უყვარს - სიყვარული კი მარადიულია.


 

 


 

წყარო: http://www.crystalsport.ge/  

 

 

 

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი