logo_geo
დავით ყიფიანისა და ზიკოს სპექტაკლი - ლეგენდების კვალდაკვალ...
- +

1 მარტი. 2018. 22:17



რამდენიმე წლის წინათ, ყიფიანი ესპანელმა ჟურნალისტმა მარიანო ხესუს კამაჩომაც გაიხსენა საკუთარ ბლოგში. ეს წერილი ჩვენმა მეგობარმა ზაზა ახალაიამ მოგვაწოდა და ვფიქრობ, მის წაკითხვაში დახარჯულ დროს არ ინანებთ.


ესპანელი ჟურნალისტი დავით ყიფიანს „კავკასიელ ჯადოქარს" უწოდებს და 1980 წელს, კადისის ტურნირზე „დინამოსა" და „ფლამენგოს" დაპირისპირების დეტალებსა და როგორც წერს, „ორი დიდი ჯადოქრის", ზიკოსა და ყიფიანის დუელს იგონებს.

 

„მალე კადისში რამონ დე კარასას სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყება, სადაც „უდინეზე", „მალაგა", ლისაბონის „სპორტინგი" და „კადისი" ითამაშებენ. შესაძლოა, ახლა ამ ტურნირმა ბრწყინვალება დაკარგა, მაგრამ ოდესღაც არაოფიციალურ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატად ითვლებოდა...

 

კადისის ტურნირი 1955 წლიდან ტარდებოდა და აქ უდიდეს ვარსკვლავებს უთამაშიათ - პელეს, კუბალას, დი სტეფანოს, ფერენც პუშკაშს, იოჰან კრუიფს, ზიკოს, რომარიოს, ხენტოს, ადემირს....

 

კადისელი ბავშვები მის მოლოდინში ვცხოვრობდით, რომ ზაფხულში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს ვიხილავდით. ახლა ტურნირი ის აღარაა, რაც გვახსოვდა. კადისის სტადიონზე მსოფლიო ფეხბურთის სუნთქვა სულ უფრო და უფრო ნაკლებად იგრძნობა, რაც ჩვენში ნოსტალგიას იწვევს. მაგრამ ამ სტადიონის მეხსიერებას ბევრი ლეგენდა შემორჩა...

 

განსაკუთრებით კარგად მახსენდება „ქართული აღმოჩენა" დავით ყიფიანი, რომელმაც 1980 წელს გენიალურობითა და სიდიადით კადისელი გულშემატკივრების გული დაიპყრო. 30 აგვისტოს, „ფლამენგო" თბილისის „დინამოს" ეთამაშებოდა და სტადიონზე იმ იმედით მივედით, რომ ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავებით დავმტკბარიყავით - მაშინ ზიკო, მარინიო, ტიტა, ჟუნიორი და კომპანია ბრწყინავდა.

 

ჩვენ მაშინ ცოტა რამ ვიცოდით საბჭოელებზე თბილისის „დინამოდან", რომლებიც, სინამდვილეში, ქართველები იყვნენ. ამ დროს, ვიხილეთ გუნდი, რომელიც ბრაზილიელებს კავკასიის მთებივით გადაეღობნენ და სასიამოვნოდ გაოცებულები დაგვტოვეს. განსაკუთრებით, რამაზ შენგელიას და დავით ყიფიანის თამაშმა მოგვხიბლა...

 

ეს უკანასკნელი სულაც გამაოგნებელი გახლდათ: ორმოცი მეტრიდან თანაგუნდელებს საოცარი სიზუსტის გადაცემებით ამარაგებდა, რბილად ეპყრობოდა ბურთს და გუნდს ბრწყინვალედ ხელმძღვანელობდა. მოკლედ, უზომოდ მიმზიდველ ფეხბურთს აჩვენებდა. ეს დაძაბული მატჩი 2:2 დასრულდა, სპექტაკლი კი ორმა 10-მა ნომერმა დადგა - ბრაზილიელმა ზიკომ და საბჭოელმა ყიფიანმა. ქართველი თავისი შემოქმედებითი ფეხბურთით ამიტომაც დარჩა ჩვენს გულებში. თბილისელები პენალტების სერიაში დამარცხდნენ და მხოლოდ მესამე ადგილი მოიპოვეს...

 

ყიფიანი იყო 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი და ჩემპიონი, ისტორიაში კი 1981 წლის ევროპული თასის მოპოვებით შევიდა. 1976-1982 წლებში გუნდმა სწორედ მისი მაგიური დირიჟორობით მოახერხა ტიტულების მოპოვება.

 

თბილისელებმა „სან სიროზე" „ინტერი" მისი გოლით დაამარცხეს. ამას გარდა, მოახერხეს „ბენფიკას", „ლივერპულის", „ფეიენოორდის", „ვესტ ჰემისა" და „ნაპოლის" დამარცხება...

 

მის ლეგენდარულობას საბჭოურ ლიგაში გამართულ 245 შეხვედრაში გატანილი 78 გოლი ადასტურებს. 1977 წელს საუკეთესო საბჭოთა ფეხბურთელი გახდა, 19 საერთაშორისო შეხვედრაში კი 7 გოლი გაიტანა. მაგრამ მადრიდის ტურნირზე მიღებულმა მძიმე ტრავმა კარიერა დაასრულებინა და 31 წლის კავკასიელი მაგის ამ ნაბიჯმა თბილისური კლუბის ლამაზი ისტორიაც დაასრულა...

 

ეს ის ყიფიანია, რომელმაც კლასით, ტექნიკით, სისწრაფით, თამაშის არაჩვეულებრივი აღქმითა და თავდამსხმელთა დახმარებით კადისელ გულშემატკივრებს თავი შორეულ 1980 წელს შეგვაყვარა... კავკასიის მაგი, გენიალური 10 ნომერი ევროპულ მოედნებზე შემდეგშიც ისე თამაშობდა, რომ წლების შემდეგ თავი ასე გაგვახსენა და ამ მოგონებებით ლეგენდებში გადაბარგდა". 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი