logo_geo
მარადონა, პელე, რონალდო - 10 უდიდესი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში
- +

10 ივნისი. 2018. 13:32

 

 

2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 14 ივნისს სტარტს აიღებს. Sportsmail-ი აქვეყნებს სტატიას მსოფლიოს ჩემპიონატის 10 უდიდესი ფეხბურთელის შესახებ. საუკეთესო ათეულში მოხვდნენ გერდ მიულერი, ბობი მური, გარინჩა, ხავი, ზინედინ ზიდანი, ლოთარ მათეუსი, ფრანც ბეკენბაუერი, რონალდო, მარადონა და პელე.

 

10. გერდ მიულერი (დასავლეთ გერმანია)

მუნდიალის მონაწილე: 1970, 1974

მუნდიალის გამარჯვებული: 1974

მატჩები: 13 

გოლები: 14

მას ასე უწოდებდნენ: ''ერის ბომბარდირი''  (Bomber der Nation).  გერდ მიულერი იმ იშვიათ ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა მიერ ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა ჩატარებული მატჩების რაოდენობას აღემატება. მიულერმა 68 შესანიშნავი დარტყმა გოლად აქცია. დასავლეთ გერმანიის ნაკრების მაისურით 62 მატჩი ჩაატარა. 68 გოლიდან 14 მსოფლიოს ჩემპიონატზე შეაგდო.

ლეგენდარული გერმანელი ფორვარდი პოზიციის ზუსტად შერჩევის საოცარი უნარით გამოირჩეოდა. 1970 წლის მექსიკის მუნდიალზე 10 გოლი შეაგდო. ტრავმის მიუხედავად მეოთხედფინალში ინგლისს შეუგდო და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.

ოთხი წლის შემდეგ მიულერმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, თუმცა მისი გოლთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირე იყო. 1974 წლის მუნდიალზე გერდმა მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, მაგრამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 1974 წლის 3 ივლისს ფრანკფურტში, ''ვალდშტადიონზე,'' ნახევარფინალურ სტადიაზე მიულერის ერთადერთი გოლით გერმანიამ პოლონეთი დაამარცხა.

მიულერმა ისევე როგორც ნახევარფინალში, ფინალშიც გადამწყვეტი გოლი გაიტანა. დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა საკუთარ კედლებში 2:1 დაამარცხა ჰოლანდია და მსოფლიოს ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

 

 

 

9. ბობი მური (ინგლისი)

მუნდიალის მონაწილე: 1962, 1966, 1970

მუნდიალის გამარჯვებული: 1966

მატჩების რაოდენობა მუნდიალზე: 14

გოლების რაოდენობა მუნდიალზე: 0

 ცხადია ინგლისელთა უდიდესი კაპიტნის კარიერის პიკი იყო მომენტი, როცა მან ''უემბლიზე'' ჟიულ რიმეს თასი აღმართა, მაგრამ ის ასეთივე შთამბეჭდავი იყო  1962 წელს ჩილეში და 1970 წელს მექსიკაში. 

''ვესტ ჰემის''ლეგენდას ფრანკ ბეკენბაუერი აღწერს, როგორც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მცველს. 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისელთა ლეგენდამ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მისი გუნდი მეოთხედფინალში პელეს ბრაზილიასთან დამარცხდა, გუნდთან რომელმაც ტურნირი ჩემპიონობით დაასრულა.

1970 წელს შეტევების ჩაშლის იდეალური მაგალითი აჩვენა, როცა ზაირჟინიოს წინააღმდეგ თამაშობდა. ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიამ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა ალფ რამსის ინგლისის ნაკრები. ეს იყო მურის საუკეთესო მატჩი ეროვნულ გუნდში.

ბობი მური ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ

 

 
 

ინგლისის ნაკრებმა 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარუმატებლად ითამაშა და 1973 წელს ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

 

8. გარინჩა (ბრაზილია)

მუნდიალის მონაწილე: 1958, 1962, 1966

მუნდიალის გამარჯვებული: 1958, 1962

მატჩების რაოდენობა მუნდიალზე:12 

 გოლების რაოდენობა მუნდიალზე: 5

1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე პელემ ტრავმის გამო სასტარტოში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ტურნირის დასრულების შემდეგ ბრაზილიელებს ახალი გმირი ჰყავდათ, რომელსაც ასე უწოდებდნენ: კოჭლი ანგელოზი.

გარინჩამ ინგლისის ნაკრებთან მეოთხედფინალში დუბლი შეასრულა. ასევე ორი გოლი გაუტანა ტურნირის მასპინძელ ჩილელებს და ''სელესაო'' ფინალში გავიდა. ბრაზილიამ ფინალში ჩეხოსლოვაკია დაამარცხა და ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გარინჩას ბრწყინვალე დრიბლინგი და შესანიშნავი პასები ეხმარებოდა მის თანამემამულეებს სამბა მეტი ქარიზმითა და ეფექტურობით ეცეკვათ.

ვინც პელესა და გარინჩას თამაში იხილა, მათი ნაწილი ფიქრობს რომ გარინჩა პელეზე დიდი ფეხბურთელი იყო. მისი ფიზიკური ნაკლოვანებიდან გამომდინარე წარმოუდგენლად რთულია უმაღლეს დონეზე თამაში.

 

 

 

7. ხავი (ესპანეთი)

მუნდიალის მონაწილე: 2002, 2006, 2010, 2014

მუნდიალის გამარჯვებული: 2010

მატჩების რაოდენობა მუნდიალზე: 15 

გოლების რაოდენობა მუნდიალზე: 0

მას არ გაუტანია გოლი, მას არ შეუსრულებია ვარდნები და იშვიათად ისმოდა მისი ხმა ვუვუზელას ხმაურში, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო დიდი საფეხბურთო ფორუმი: ევრო 2008, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი და ევრო 2012.

მისი კარიერის პიკი 2010 წელს იყო, როცა ესპანელთა გუნდს დაეხმარა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაში.

ხავისა და ესპანეთის დიდი გუნდის ზეობა 2014 წელს დასრულდა, როცა დელ ბოსკეს გუნდმა ბრაზილიის მუნდიალის ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, მაგრამ დარჩა მემკვიდრეობა, ხავის, ინიესტასა და მათი თანაგუნდელების მიერ შექმნილი.

 

6. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)

მუნდიალის მონაწილე: 1998, 2002, 2006

მუნდიალის გამარჯვებული: 1998

მატჩების რაოდენობა მუნდიალზე: 12 

გოლების რაოდენობა მუნდიალზე: 5

მან ორი გოლი გაიტანა 1998 წლის მუნდიალის ფინალში და ფრანგებმა პირველად მიიღეს მუნდიალის ოქროს მედლები. ის იყო გმირი და ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მოთამაშე, რომელმაც კარიერა მოულოდნელად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ დაასრულა.

კორეა-იაპონიის 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრებმა წარუმატებლად დაასრულა. როჟე ლემერის გუნდი სამშობლოში გამარჯვების გარეშე დაბრუნდა, ზიდანმა კი ტრავმის გამო მხოლოდ ურუგვაისთან ითამაშა.

2006 წლის მუნდიალის ფინალში იტალიამ საფრანგეთი დაამარცხა, ზიდანმა კი მინდორი წითელი ბარათის გამო ნაადრევად დატოვა. 

1966 წლის ფინალში ჯეფრი ჰერსტის გატანილი გოლის შემდეგ 2006 წელს ზიდანსა და მატერაცის შორის მომხდარი ინციდენტი მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში ყველაზე სამარცხვინო მოვლენაა.

შეგახსენებთ, 1966 წლის ფინალში ბახრამოვი შეცდა და ჰერსტის მიერ გატანილი გოლი ჩათვალა, რეალურად კი ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია.

 

 

 

 5. ლოთარ მათეუსი (დასავლეთ გერმანია, გერმანია)

მუნდიალის მონაწილე: 1982, 1986, 1990, 1994, 1998

მუნდიალის გამარჯვებული: 1990

მატჩების რაოდენობა მუნდიალზე: 25 

გოლების რაოდენობა მუნდიალზე: 6

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე ითამაშა და ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია.

დასავლეთ გერმანიისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით 150 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის იყო ნახევარმცველი, რომელიც საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე არსებულ ნაწილში მოქმედებდა.

მათეუსმა მოახერხა დიეგო არმანდო მარადონას განეიტრალება. მოგვიანებით არგენტინელთა კაპიტანმა აღიარა, რომ მათეუსი მისი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე იყო. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ არგენტინა დაამარცხა, მათეუსმა კი მაგალითი აჩვენა თუ როგორ უნდა ითამაშო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ.

 

 

 

4. ფრანც ბეკენბაუერი (დასავლეთ გერმანია)

მუნდიალის მონაწილე: 1966, 1970, 1974

მუნდიალის გამარჯვებული: 1974

მატჩების რაოდენობა მუნდიალზე: 18 

გოლების რაოდენობა მუნდიალზე: 5

მისი უნიკალური თამაშის სტილი და ასპარეზობა გერდ მიულერთან ერთად გერმანიის ეროვნულ ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვებას შთააგონებდა.

ბეკენბაუერი იყო ღამის კოშმარი ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის, რომელიც შეტევის შექმნაში მონაწილეობდა. მას ბრწყინვალედ შეეძლო შეტევის ჩაშლა და შემდეგ შექმნა.

ბეკენბაუერმა 1974 წელს ფეხბურთელის რანგში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, 1990 წელს კი მთავარი მწვრთნელის რანგში იზეიმა ჩემპიონობა. 1990 წელს მისმა გაწვრთნილმა დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა ბრემეს გოლით კარლოს ბილარდოს არგენტინა დაამარცხა.

როგორც ფეხბურთელის, ასევე მთავარი მწვრთნელის რანგში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მხოლოდ ორმა ლეგენდამ მოიპოვა: ფრანც ბეკენბაუერმა და მარიო ზაგალომ.

იოჰან კრუიფი და ფრანც ბეკენბაუერი

 

 

 

3. რონალდო (ბრაზილია)

მუნდიალის მონაწილე:  1994, 1998, 2002, 2006

მუნდიალის გამარჯვებული: 1994, 2002

მატჩების რაოდენობა მუნდიალზე: 19 

გოლების რაოდენობა მუნდიალზე: 15

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი რონალდო გერმანელ მიროსლავ კლოზესთან დამარცხდა, თუმცა კლოზე ათეულს მიღმა აღმოჩნდა.

მან 1998 წელს ოქროს ბურთი მოიგო, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რონალდუ ზიდანის ჩრდილში მოექცა, რადგან ბრაზილიელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემით თამაშობდა.

მილანის ''ინტერში'' მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ რონალდო მოედანს დაუბრუნდა და 2002 წელს კორეასა და იაპონიაში შესანიშნავად ითამაშა. აღნიშნულ მუნდიალზე 8 გოლი გაიტანა, მათ შორის 2 ფინალში ოლივერ კანის კარში შეაგდო.

2006 წელს ბრაზილია გერმანიაში წარუმატებლად გამოვიდა, თუმცა რონალდომ 3 გოლი შეაგდო და 1 გოლით გაასწრო ლეგენდარულ გერდ მიულერს.

 

 

 

2. დიეგო მარადონა

მუნდიალის მონაწილე:  1982, 1986, 1990, 1994

მუნდიალის გამარჯვებული: 1986

მატჩების რაოდენობა მუნდიალზე: 21 

გოლების რაოდენობა მუნდიალზე: 8

მარადონამ 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მან გაიტანა 5 გოლი და შეასრულა 5 საგოლე გადაცემა. ფინალში მისი  ბრწყინვალე საგოლე გადაცემით ''ალბისელესტემ'' დასავლეთ გერმანიის ნაკრები დაამარცხა. როგორც მარადონა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, გამარჯვების შემდეგ განცდები დაუვიწყარი იყო და ახსოვს მომენტი, როცა გიჟივით კოცნიდა გასახდელში დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს.

ოთხი წლის შემდეგ დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა რევანში აიღო და ფინალში ბრემეს გოლით დაამარცხა მარადონას გუნდი. დიეგო მუნდიალზე ტრავმირებული, ტკივილების ფონზე ასპარეზობდა და ვერ შეძლო შესანიშნავად გამოსვლა.

1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მარადონას ეფედრინის მოხმარება დაუდგინეს და დაემშვიდობა ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო ტურნირს.

 

1. პელე

მუნდიალის მონაწილე:  1958, 1962, 1966, 1970

მუნდიალის გამარჯვებული: 1958, 1962, 1970

მატჩების რაოდენობა მუნდიალზე: 14 

გოლების რაოდენობა მუნდიალზე: 12

როცა ბრაზილიის ეროვნული ნაკრები 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პელესთან ერთად გაემგზავრა და 17 წლის ტალანტმა სამი საოცარი მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელებმა მეოთხედფინალში მისი გოლით უელსი დაამარცხეს, მეოთხედფინალში პელემ ჰეთ თრიკი შეასრულა, ფინალში კი შვედეთს ორი გოლი გაუტანა.

ოთხი წლის შემდეგ პელემ მიიღო ოქროს მედალი, თუმცა ჩილეში ჩეხოსლოვაკიასთან ჯგუფური ეტაპის მატჩში ტრავმა მიიღო და შემდეგ აღარ უთამაშია.

1970 წელს ბრაზილიის ნაკრებმა ქომაგებს სანახაობრივი ფეხბურთით დიდი სიამოვნება მიანიჭა. პელემ მექსიკაში ოთხი გოლი გაიტანა და მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ის დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სამჯერ მოიპოვა ჩემპიონობა.

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 92 მატჩში 77 გოლი შეაგდო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი